19 ნოემბერი 2024,   06:44
ვრცლად
კოვიდამდე არსებული რესტორნებისა და კაფე-ბარების 60% დაიხურა - რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელი

რესტორნების ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე "დღის კურიერის" ეთერში საკოორდინაციო საბჭოს მიერ რესტორნებისა და კაფე-ბარების მიმართ მიღებული რეგულაციებით მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ამ სფეროში 100 000-მა პირმა უკვე დაკარგა სამუშაო ადგილი, ხოლო ​კოვიდამდე არსებული რესტორნებისა და კაფე-ბარების 60% დაიხურა.

როგორც შოთა ბურჯანაძე განმარტავს, სარესტორნო ბიზნესისთვის, რომელიც უკვე დაზარალებულია, ნებისმიერი ახალი რეგულაცია მტკივნეული და გამანადგურებელი იქნება, დღეს ამოქმედებული შეზღუდვები კი ამ ობიექტების თანამშრომლთა ხელფასების შემცირებას გამოიწვევს.

"ისედაც დაზარალებული სფერო და რა მდგომარეობაშიც ეს სფერო იმყოფება ნებისმიერი დამატებითი რეგულაცია რა თქმა უნდა უფრო მტკივნეულია და შეიძლება გამანადგურებელიც კი.

როდესაც ცალსახად ერთ რაღაცას აკეთებ, შეზღუდვის გადაწყვეტილებას ღებულობ და პასუხისმგებლობას ღებულობ მთლიანად საზოგადოების გადარჩენისთვის ამ გადაწყვეტილებიდან დაზარალებულ მხარეს რა პასუხი ეძლევა - ეს არის ასევე მნიშვნელოვანი. ის ადამიანები და სფერო, რომელიც ამ გადაწყვეტილებით დაზარალდება - ამ საკითხზე ერთი სიტყვაც კი არ თქმულა დღეს.

რამდენად მნიშვნელოვანი იყო ახლა ამ შემთხვევაში კომუნიკაცია - როდესაც გადაწყვეტილებას ღებულობ და 10 საათის შემდეგ არის აკრძალული სტუმრის მიღება, ამ სფეროში არსებობს სხვადასხვა სახის რესტორნები, კაფე-ბარები და ა.შ., რომლისთვისაც 2 საათზე მიიღებს სტუმარს თუ 10 საათზე - არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. სამწუხაროდ ამ გადაცემის მიმღები ადამიანები დეფინიცირებას ვერ აკეთებენ ჩვენს სფეროში იმიტომ, რომ არ იციან, უნდა ჰკითხოთ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს, რომ სწორი განმარტება მიიღონ და შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება.

ერთი ხელის მოსმით, როდესაც რესტორნები, რომლებიც საქართველოში მუშაობდნენ დღესდღეობით არის მხოლოდ და მხოლოდ 40% დარჩენილი. თუ 4 000-ივეს ამას უკეთებ თბილისში პირობითად, ხომ შეგვიძლია, რომ 1 000 გადავარჩინოთ და იფუნქციონიროს?! იმიტომ, რომ იქ დასაქმებული ადამიანი შესაძლებლობას მიიღებს, რომ მიიღოს ხელფასი.

ამას პირველი მოჰყვება ის, რომ რესტორნების დიდი უმრავლესობა დაიკეტება იქიდან გამომდინარე, რომ დამოკიდებული იყო ამ სამუშაო საათებზე. თუ არ დაიკეტება რესტორნები - შემცირდება სამუშაო ადგილები. თუ სამუშაო ადგილები არ შემცირდა - მაშინ ყველა ვარიანტში შემცირდება ხელფასები თანამშრომლების იმიტომ, რომ სამუშაო საათები არ იქნება იმდენი, რამდენიც ჰქონდა. შემდეგ, ის ვალდებულებები, რაც საიჯარო გადასახადები იყო - დარჩება ყველა ვარიანტში.

კოვიდამდე არსებული რესტორნებისა და კაფე-ბარების 60% არის საქართველოს მასშტაბით დახურული," - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

დღის ამბები