"ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" ლანჩხუთში, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე წარადგენა.
წარდგენას პრემიერ-მინისტრი, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე და პარტიის სხვა ლიდერები დაესწრნენ.
სიტყვით გამოსვლის დროს ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს გამოწვევებზე, რომლის წინაშეც რეგიონი დგას. საუბარი შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც.
"როდესაც ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე და გურიაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გამოწვევები ძალიან ბევრია. სამუშაო ადგილების, ინფრასტრუქტურის პრობლემებია, მაგრამ მთავარი ის არის, ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ და ვხედავთ, როგორ ხდება ყოველდღიურად პროგრესი. ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მომავალი 4 წლის განმავლობაში საქართველოში დაიხარჯება 20 მილიარდი ლარი, ეს ფული მოხმარდება პირველ რიგში წყალმომარაგებას, ყველას კარგად გვესმის, რომ გზების შემდეგ ყველაზე დიდი გამოწვევა არის წყალი,"- განაცხადა ამომრჩეველთან შეხვედრის დროს გიორგი გახარიამ.
მხარის პრობლემებს შეეხო "ქართული ოცნების" გენ-მდივანიც. კახი კალაძის განცხადებით, ლანჩხუთი წლების მანძილზე მიტოვებული იყო ხელისუფლების მიერ.
"წლების მანძილზე არამხოლოდ ლანჩხუთი, არამედ ეს ისტორიული მხარე მიტოვებული იყო ხელისუფლების მიერ. ჩვენ ყველაფერს თვალი უნდა გავუსწოროთ. არ მოგვერიდოს ამ პრობლემებზე საუბარი და ასევე ისიც უნდა ითქვას, რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც რეალურად აქვს ამ პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა არის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო,"- აღნიშნავს თბილისის მერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით კი ხელისუფლების მთავარი ღირებულება ადამიანია, აწყობილი სახელმწიფო სერვისები კი უმრავლესობის მთავარი პრიორიტეტი.
"ჩვენ შევძელით ზრუნვა ადამიანზე, ადამიანი დაბრუნდა ხელისუფლების ყურადღების ცენტრში, ადამიანი იყო, არის და იქნება ხელისუფლების, სახელმწიფოს და ჩვენი გუნდის ყურადღების ცენტრში, როგორც მთავარი ღირებულება, რომელზეც უნდა იყოს აწყობილი სახელმწიფოს ყველა სერვისი და მისკენ უნდა იყოს მიმართული სახელმწიფოს ყურადღება,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.