19 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
მელაშვილის და ილიჩოვას ადვოკატები ჩაერთვნენ პოლიტიკურ თამაშებში, რათა თავისი ჰონორარი გაამართლონ - გია ვოლსკი

საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით დაკავებულები​ს საქმესთან დაკავშირებით მმართველ გუნდში კითხვები არ აქვთ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ დაკავებულების ადვოკატებიც პოლიტიკურ თამაშებში ჩაერთნენ. 

"ადვოკატებიც, სამწუხაროდ, ჩართულები არიან პოლიტიკურ თამაშებში, რათა თავისი ჰონორარი გაამართლონ. ფაქტია, რომ დოკუმენტები, რომელიც გამოიყენეს მოლაპარაკებისას, სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში არ იყო ადეკვატური იმ ისტორიული რეალობისა, რასაც ჰქვია დავით გარეჯის საქართველოს შემადგენლობაში არსებობა. საერთოდ რომ არანაირი დოკუმენტი არ ყოფილიყო, არ უნდა დაეთმო ხელისუფლებას პოზიცია და უნდა ეძებნა ის,"-განაცხადა გია ვოლსკიმ. 

მმართველი გუნდის წევრი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ობიექტურად განწყობილი ადამიანებისთვის ყველაფერი ცხადია. 

"ამ საკითხზე ვის როგორი რეაქცია აქვს, ამით ჩანს მათი რეალური სახე და სურვილები. ვფიქრობ, რომ ობიექტური ადამიანისათვის კითხვის ნიშნები აღარ არის, რამდენად სასარგებლო იყო ჩვენთვის 1938 წლის რუკით მოქმედება და რამდენად დამაზიანებელი 70-80-იანი წლების რუკით მოქმედება,"-განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 

შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. 

პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას 1938 წლის რუკა ამოიღეს, რომელზეც, გამოძიების ცნობით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე იყო მოხვედრილი. 

დღის ამბები