ეროვნული ბანკი საბროკერო კომპანია "ველსის" იმ ბრალდებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც კომპანია მას არამართლზომიერი შეზღუდვების დაწესებასა და ზეწოლაში ადანაშაულებს.
ეროვნული ბანკის განმარტება:
"ეროვნული ბანკი, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იცავს ინფორმაციის კონფიდენციალურობის მოთხოვნას და საჯაროდ არ საუბრობს მასსა და ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტს შორის მიმდინარე პროცესებზე. თუმცა აუცილებლად მივიჩნევთ, გამოვეხმაუროთ დღეს მედიასაშუალებებით სს "საბროკერო და აქტივების მმართველი კომპანია ველსის" წარმომადგენლის, დიმიტრი სუკიასოვის მიერ გაჟღერებულ შეფასებებს.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა და, ამავდროულად, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვაა. აღნიშნული მიზნიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკი, მისი კომპეტენციის ფარგლებში მუდმივად ახორციელებს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებად მონაწილეთა მიერ "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგს. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში კი, ცხადია, მიმართავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს,"- აღნიშნულია განცხადებაში.