"კურიერის ექსკლუზივი - საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ნიკოლოზ ვაშაკიძის პროკურატურაში მიცემული ჩვენება, რომელიც 2008 წელს საზღვრის დემარკაციის კომისიის ხელმძღვანელიც იყო.
ყოფილი მაღალ ჩინოსანი და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გამომძიებლის თითქმის ყველა კითხვაზე პასუხობს:
არ ვიცი, არ მინახავს, მონაწილეობა არ მიმიღია, წარმოდგენა არ მაქვს.
ნიკოლოზ ვაშაკიძე თავად წერს, რომ კარტოგრაფიულ ან გეოდეზიურ საქმიანობაში რაიმე განათლება ან გამოცდილება არ აქვს, ვერ იხსენებს კომისიის წევრებს, მხოლოდ ახსოვს ივერი მელაშვილი, არანაირი წარმოდგენა არა აქვს ტოპოგრაფიულ რუკებსა და მათ კოორდინატებზე, არ იცის და არ უნახავს გახმაურებული რუკების ალბომები.
თუმცა, გუშინ მიცემულ ინტერვიუში, ის უკვე 1938 წლის რუკების დეტალებს განიხილავს და 500 ათასიანი რუკის გამოყენებას ოპტიმალურს უწოდებს.
"მე გავეცანი 2008 წლის 24 მაისის ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრის ამსახველ ოქმს, რასთან დაკავშირებითაც მინდა მოგახსენოთ შემდეგი - გამომდინარე იქიდან, რომ 12 წელია გასული აღნიშნული ფაქტიდან, ამ საექსპერტო შეხვედრასთან დაკავშირებულ საკითხებს ვერ ვიხსენებ, თუმცა სამინისტროში არსებული წესიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ყველა სავალდებულო პროცედურული მოთხოვნები იქნებოდა დაცული. შეხვედრის ფაქტი სავარაუდოდ, ჩემთან შეთანხმებული იქნებოდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ წარმოდგენილ ოქმში მითითებულ კონკრეტულ ქვემონაკვეთებზე, იქვე მითითებულ ტოპოგრაფიულ რუკებზე, მათ კოორდინატებზე არანაირი წარმოდგენა ან შემხებლობა არ მაქვს.“
კითხვა - „ ვინ იყვნენ სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში და რას საქმიანობას ახორციელებდნენ ისინი?“
"როგორც ზემოთ მოგახსენეთ, მე ვიხსენებ მხოლოდ ივერი მელაშვილს, რომელიც ჩემს სამუშაო კაბინეტში იყო რამოდენიმეჯერ შემოსული და როგორც კომისიის ახალ თავმჯდომარეს, ზოგადად მესაუბრა კომისიის საქმიანობის შესახებ. სხვა ექსპერტებს ვერ ვიხსენებ, კომისიის ექსპერტის როგორც მახსოვს, ევალებოდათ ნებისმიერი ტექნიკური საკითხი, რომელიც დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესიდან გამომდინარეობს.“
ნიკოლოზ ვაშაკიძეს ჩვენება პროკურატურისთვის 2 ოქტომბერს აქვს მიცემული. თუმცა, მან გუშინ ერთ-ერთი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში გაიხსენა ივერი მელაშვილის აქტიურობა შეხვედრებზე. როგორც ნიკოლოზ ვაშაკიძე ამბობს, აქტიურობის გამო, აზერბაიჯანულმა მხარემ რამდენჯერმე ივერი მელაშვილის სამუშაო ჯგუფიდან გაძევების საკითხი.
თუმცა, ნიკოლოზ ვაშაკიძე პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებაში წერს, რომ მისი ხელმძღვანელობის დროს, ვერ იხსენებს, შედგა თუ არა შეხვედრა სამუშაო ჯგუფს შორის.
აქვე, ვაშაკიძე ამბობს, რომ რუკებთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი არ არის.
"მე არ მინახავს აღნიშნული დოკუმენტები, არ ვიცი თუ ვის მიერ, ან რამე მეთოდით დამზადდა 1:50 000-ზე მასშტაბის რუკის ალბომები, რომელზეც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების სახელმწიფო საზღვრის ხაზია გამოსახული.“
კითხვა: "როგორც კომისიის თავმჯდომარე, რატომ არ დაინტერესდით ჩემს მიერ ზემოთ დასახელებული რუკების ალბომების შესწავლით და მასში ასახული საზღვრის ხაზის გაცნობით?“
"დასმულ კითხვაზე გიპასუხებთ, რომ ჩემი სამუშაო კალენდრიდან გამომდინარე ეს საკითხი იმ დროისთვის გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, თუკი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდებოდა ჩემი სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა, მე რა თქმა უნდა, საფუძვლიანად შევისწავლიდი და გავერკვეოდი ზემოთ ხსენებულ ალბომებში, არსებულ რუკებსა და მათზე დატანილ საზღვრის ხაზზე.“ -პასუხობს ნიკოლოზ ვაშაკიძე.