ყოფილი კოვიდინფიცირებულები საკუთარი პლაზმის ჩაბარებას იწყებენ. პროცესში მალე "კურიერის“ ჟურნალისტი, თეონა ცხომელიძეც ჩაერთვება, რომელმაც COVID-19 დაამარცხა.
დღეისათვის, პლაზმით მკურნალობა ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება. როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა, ექვს მძიმე პაციენტის შემთხვევაში მკურნალობის აღნიშნული მეთოდი იყო გამოყენებული და ყველა შემთხვევა გამოჯანმრთელებით დასრულდა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ერთი ადამიანის მიერ გაღებული სისხლი, მინიმუმ ორ მძიმე პაციენტს გადაარჩენს, შესაბამისად, მოქალაქეებმა, რომლებმაც ინფექცია დაამარცხეს, ყოველდღიურად უნდა ჩააბარონ საკუთარი სისხლი, რათა მძიმე ავადმყოფებს გამოჯანმრთელებაში დაეხმარონ.
დღეს სისხლი ჩააბარეს ლევან გოგიჩაიშვილმა და გედევან ფოფხაძემ, ისინი კორონავირუსისგან რამდენიმე კვირის წინ გამოჯანმრთელდნენ.
"ეს ნამდვილად იქნება სასარგებლო იმ პაციენტებისთვის, ვინც დღეს მკურნალობენ, ამიტომ ჩვენ ისეთი დრო გვიდგას, რომ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობა და თანადგომა ყველამ უნდა გამოვიჩინოთ, ვინაიდან ეპიდინფექციონისტები ამაში ხედავენ მკურნალობის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას, ალბათ არავინ არ უნდა დაიზაროს," - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში ინფექციის მიმართულებით მძიმე მდგომარეობაა.
"დღეს არის მძიმე მდგომარეობა, აჭარაში ფაქტობრივად, სიტუაცია ჩავარდნილია. თითქმის აღარ არსებობს თავისუფალი საწოლები. თბილისში სამწუხაროდ, იზრდება პროცესი. რიცხვი იზრდება, სხვადასხვა რაიონში იზრდება, ხელისუფლება დუმს, არაფერს არ გვეუბნება, გვითხრან სიმართლე, რომ ჩვენ საზოგადოების წევრებიც მათ ამოვუდგეთ გვერდში," - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.