19 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
საქალაქთაშორისო შეზღუდვები აჭარაში კვლავ ძალაში რჩება, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

კოვიდსტატისტიკის ზრდის მიუხედავად, დღეიდან აჭარაში მოიხსნა შეზღუდვა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. გადაადგილება შეუძლია მხოლოდ შიდა მუნიციპალურ ტრანსპორტს, საქალაქთაშორისო გადაადგილება კი ისევ აკრძალულია.   

დილიდან 115 მუნიციპალური ავტობუსი და დაახლოებით, 250 კერძო მიკროავტობუსი გადაადგილდება ქალაქში. მერიის ინფორმაციით, ყოველ დილით, მძღოლებს სავალდებულო თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ, გადაადგილების დროს კი რეგულაციები მკაცრად გაკონტროლდება.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ ჩიქოვანი ამბობს, რომ ავტობუსის ყველა გაჩერებაზე, ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მკაცრად უნდა იქნეს დაცული ის რეკომენდაციები, რაც ეპიდემიოლოგების მიერ არის გაცემული. ასევე, მისი თქმით, ყველა მოქალაქემ დახურულ სივრცეებში უნდა ატაროს პირბადე, რაც განსაკუთრებულ კონტროლს დაექვემდებარება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ შეზღუდვა რჩება როგორც საქალაქთაშორისო ტრანსპორტთან, ასევე - სასწავლო პროცესთან მიმართებაში. 

"დღეს, მოგეხსენებათ, აღდგა მხოლოდ საზოგადოებრივი მუნიციპალური ტრანსპორტი, შეზღუდვა რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტთან მიმართებაში, ასევე, სასწავლო პროცესთან მიმართებაში. ჩვენ გვმართებს, რომ აღვადგინოთ ეს ყველაფერი თანდათანობით, ისე რომ პანდემია არ გახდეს უმართავი, უკონტროლო, როგორც ამ ქალაქში, ასევე ქვეყანაში მთლიანად,“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღის ამბები