პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ყველა კომპანია, რომელიც საღამოს 10 საათის მერე კანონის გვერდის ავლით ეცდება მუშაობა განაგრძოს, უმკაცრესად აგებს პასუხს.
მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევის განმეორების შემთხვევაში კომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
"რამდენიმე კომპანიამ სცადა რაღაც შეფერილობებით, ვითომ პოლიტიკურ პროცესში იღებდნენ მონაწილეობას, მუშაობა გაეგრძელებინათ. პირადად გპირდებით, ყველა მათგანი დაჯარიმდება. თუ ეს შემთხვევები გაგრძელდება, მეორე შემთხვევა არის სისხლის სამართლის საქმე და ყველგან აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ამით მანიპულირება და მათი შემოტყუება კლუბებში და ღამის რესტორნებში კატეგორიულად მიუღებელია და ეს არ არის პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობა, არამედ კონკრეტული კომპანიების პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, კონკრეტულ კომპანიებს მოეთხოვებათ პასუხი მსგავსი ქმედებებისთვის, უმკაცრესი,"- განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, პოლიციამ სისხლის სამართლებრივი დევნა თბილისის ორი ობიექტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ დაიწყო. მიზეზი 15 ოქტომბრიდან ამოქმედებული წესების დარღვევაა, რომლის მიხედვითაც თბილისში, ბათუმსა და იმერეთში საღამოს 10 საათის შემდეგ რესტორნები, ბარები და კაფეები მუშაობას წყვეტენ.
გამოძიების მიმდინარეობის დროს ითქვა, რომ ბარებში ფუნქციონირებდა გირჩის საარჩევნო შტაბი, თუმცა მესაკუთრეებს შესაბამისი დოკუმენტაცია არ წარუდგენიათ. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.