19 ნოემბერი 2024,   06:24
ვრცლად
"კინაღამ მომიკლა ბავშვი და უნდა აგოს პასუხი" - გოგი თოფაძე ბუსა ჟვანიას შესახებ  

ჟვანია-თოფაძის სისხლიანი დაპირისპირების საქმის განხილვა გადაიდო. სხდომა დაცვის მხარის თხოვნით 2 თვის შემდეგ გაიმართება. ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის მიერ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრის გახმაურებულ საქმეზე სასამართლოს არსებით განხილვა უნდა დაეწყო.

პროცესის გადადების მოტივად დაცვის მხარე მასალების გაცნობისთვის საჭირო დროს ასახელებს.

როგორც გოგი თოფაძე "კურიერთან" საუბრისას ამბობს, დაზარალებულის მხარის მოწმეების ჩვენებების მიხედვით, ბუსა ჟვანიას 3-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გოგი თოფაძის თქმით, ეს დაზარალებული მხარის მიერ ერთგვარი დათმობაა, თუმცა თოფაძე ამბობს, რომ ადამიანს, რომელმაც მისი შვილიშვილი დაჭრა, გარკვეული სასჯელი უნდა მიესაჯოს.

რაც შეეხება ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც გოგი თოფაძე ამბობს, მისი შვილიშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის და ის მკურნალობას კვლავ საჭიროებს.

"არ ჩაუნიშნიათ, გადაიტანეს ორი თვით, იქნება ნოემბერში. ვუთხარი ჟვანიას, დაწყნარდეს. ავუხსენი ერთხელ, მეორედ, რომ სამიდან ოთხ წელზე დავთანხმდებით-მეთქი, თუ ჭკუით მოიქცევი, თუ არადა შეიძლება გაცილებით უფრო დიდი მიუსაჯონ. კინაღამ მომიკლა ბავშვი მაგის შვილმა და უნდა აგოს პასუხი," - განაცხადა გოგი თოფაძემ.

შვილის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა ბესარიონ ჟვანიას დედამ, ნინო ქადაგიძემ. თუმცა ის საქმის დეტალებზე არ საუბრობს. ბრალდებულის დედამ საკუთარი შვილი უკვე მოინახულა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

"ყოჩაღად კი არის, ვარჯიშობს, კითხულობს ძალიან ბევრს." - ამბობს ნინო ქადაგიძე. 

დღის ამბები