შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის (112) დირექტორი გიორგი არსოშვილი "დღის კურიერის" ეთერში ამბობს, რომ გაზრდილი სტატისტიკის მიუხედავად, 112-ში შეფერხებები არ არის. გიორგი არსოშვილი დეტალურად საუბრობს, რა პროცედურებია, როდესაც მოქალაქე 112-ს უკავშირდება.
"112 პანდემიის საწყისი ეტაპიდან მუშაობს სპეციალური გაიდლაინით, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც უკავშირდება 112-ს, გადის გამოკითხვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული გაიდლაინით. თუკი საქმე გვაქვს მწვავე შემთხვევასთან, ეს შემთხვევა ავტომატურად გადაეცემა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს. მეორე მხრივ, თუკი გვყავს შედარებით მსუბუქი შემთხვევა, ეს შემთხვევები გადაეცემა ოჯახის ექიმებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ოჯახის ექიმი ამ პაციენტს დაუკავშირდება, ეს არ არის მწვავე შემთხვევა და გაუწევს მას სათანადო დახმარებას,“ - აცხადებს გიორგი არსოშვილი.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის (112) დირექტორი ასევე ამბობს, რომ აქტუალურია არამიზნობრივი ზარები, რა დროსაც ოპერატორების მოცდენა ხდება. გიორგი არსოშვილის თქმით, დღის განმავლობაში 112-ში 3 000-მდე არამიზნობრივი ზარი შედის. მათ შორის, კითხვები ეხება "როგორ დავუკავშირდე ვეტერინარს", "კონკრეტული რესტორანი რომელ საათამდე მუშაობს“ და ა.შ.
"ჩვენი თხოვნაა თითოეული მოქალაქისადმი, რომ მაქსიმალურად მიზნობრივად გამოვიყენოთ 112", - ამბობს გიორგი არსოშვილი.
გიორგი არსოშვილის თქმით, მოქალაქემ, რომელსაც რაიმე გამოხატული სიმპტომი აქვს, შეუძლია დარეკოს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში. თუმცა, თუ მოქალაქეს უბრალოდ კონტაქტი ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან, ამ მიმართულებით ეპიდემიოლოგები მუშაობენ, რომლებიც კონტაქტების წრეს იკვლევენ.
"არანაირი კრიზისი 112-ში არ არსებობს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი ზარი არ ყოფილა მოლოდინის რეჟიმში ერთი და ორი საათი, როგორც ვრცელდება ეს, მაქსიმალური მოლოდინი არის დაახლოებით 8 წუთამდე და ეს მოლოდინიც რომ მოიხსნას, საჭიროა, თითოეულმა მოქალაქემ გაითავისოს, რომ მხოლოდ მიზნობრივად გამოვიყენოთ გადაუდებელი სამსახურის სატელეფონო ნომერი," - განაცხადა გიორგი არსოშვილმა.