იმ ფონზე, როდესაც ინფიცირებულების ყოველდღიური მატება საგანგაშოა, ხელისუფლებას იმის განმარტება უწევს, რატომ არ უნდა წავიდნენ მცხეთაში საქეიფოდ ადამიანები თბილისში დაკეტილი რესტორნების შემდეგ. რესტორნები ღამის 22:00 საათიდან მცხეთაშიც იკეტება. დღის წესრიგში დგას ზომების გამკაცრება პირბადის ტარების წესის დარღვევაზეც.
ასეთი ჯარიმები უკვე მოქმედებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. მაგალითად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე მოძრაობა გერმანიაში ფედერალური უწყების მიხედვით, 500 ევრომდე ჯარიმდება, ბრიტანეთი - 100 ფუნტი, საფრანგეთი - 150 ევრო, ესპანეთის პოლიცია ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე 100 ევროთი აჯარიმებს ნებისმიერს, ვინც არ ატარებს პირბადეს, იტალიაში ეს თანხა კიდევ უფრო დიდია, ხოლო არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში 800 დოლარს აღწევს.
შეზღუდვების გარდა მთავრობის წევრები ეპიდემიოლოგებთან ერთად გარკვეული სფეროების პირიქით გახსნის გეგმებზე საუბრობენ. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება საჰაერო მიმოსვლაა. დღეს ეკონომიკის მინისტრმა ევროპის რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენა დააანონსა.
დროებითი შეზღუდვის დაწესება იგეგმება სკოლებთან მიმართებით, სადაც მომავალ კვირაში მოსწავლეებს 3 დღით დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადაიყვანენ.