ზუგდიდის ცენტრი მოვლენათა ეპიცენტრი გუშინ შუადღიდან გახდა. მას შემდეგ, რაც მძარცველი ბანკის ფილიალში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, ხანგრძლივი სპეცოპერაცია დაიწყო.
500 ათასი დოლარის მოთხოვნისა და რამდენიმე მძევალთან, მათ შორის სამხარეო პოლიციის უფროსთან ერთად, მძარცველმა ტერიტორია დატოვა, მძევლების გათავისუფლებაში შემდეგ მისი კვალი დაიკარგა.
სოფელ კირცხში სავარაუდოდ თავდამსხმელმა მძევლები გაათავისუფლა, თავად კი მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, გამტაცებელი მძევლებთან ერთად უმისამართოდ ძირითადად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებში გადაადგილდებოდა. ბოროტმოქმედმა ბანკის ტერიტორია ყუმბარის დემონსტრირებით და სამი მძევლის ფარად გამოყენებით დატოვა.
პიკაპის ტიპის ავტომობილით დამნაშავე სამ მძევალთან ერთად გაურკვეველი მიმართულებით წავიდა. "კურიერის" ინფორმაციით, საჭეს ბანკის მომხმარებელი 25 წლის მურიკო ბულია მართავდა. დამნაშავე კი უკანა სავარძელზე, სამხარეო პოლიციის უფროს ავთანდილ გალდავას და ლაშა შენგელიას შორის იჯდა.
ღამის 4 საათზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დარჩენილი სამი მძევალის გათავისუფლება და დამნაშავის დაკავების მიზნით ღონისძიებების გაგრძელება დაადასტურა. თუმცა, უპასუხოდ დარჩა კითხვები დატოვა თუ არა შეიარაღებულმა მამაკაცმა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, მიიღო თუ არა მოთხოვნილი ფული და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში წაიღო თუ არა თანხა თან.
პოლიციის განყოფილებაში თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა მძევლების დაკითხვა. 43 ადამიანიდან ნაწილმა ბანკი თავდასხმის პირველივე საათებში ამწის და სახანძრო კიბის გამოყენებით დატოვა. სპეცოპერაციის მეექვსე საათზე კი, ბოროტმოქმედმა დარჩენილი მძევლები ეტაპობრივად გაათავისუფლა. მათ შორის იყო ირაკლი კვარაცხელიაც, რომელმაც მძევლობის საათები "კურიერთან" გაიხსენა.
მძევლების უმეტესობამ მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მათ პოლიციის განყოფილებასთან ოჯახის წევრები ელოდნენ.
ბოროტმოქმედი ბანკში 14 საათსა და 20 წუთზე შეიჭრა. სათვალთვალო კამერის ჩანაწერის ერთ ეპიზოდში ჩანს, რომ კალაშნიკოვის სისტემის ავტომატით შეიარაღებული მამაკაცი სავარაუდოდ ხელყუმბარის დამცავს ხსნის. ფეხით აზიანებს ერთ კომპიუტერს, რომლის მაგიდის ქვეშ ერთი პირი ჩანს. სავარაუდოდ, ეს ის თანამშრომელია, რომელმაც მაგიდის ქვეშ განთავსებულ განგაშის სიგნალს დააჭირა ხელი.
თითქმის ათი საათია მძევლების გათავისუფლების ოპერაცია დამნაშავის დევნის ღონისძიებამ ჩაანაცვლა. მომხდარზე გამოძიება მძევლად ხელში ჩაგდების, ყაჩაღობის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.