26 ოქტომბერს, ავსტრია დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. სწორედ 65 წლის წინ, ამ დღეს დატოვეს მოკავშირეთა ბოლო ჯარისკაცებმა და სამხედრო შენაერთებმა ქვეყანა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ავსტრიაში რჩებოდნენ.
მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ კი, ქვეყანა კვლავ დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო გახდა, სამხედრო ნეიტრალიტეტი კი ოფიციალური ვენის უსაფრთხოების პოლიტიკის ნაწილად იქცა.
1955 წლის მოვლენებზე "კურიერს" საქართველოში ავსტრიის ახალი და სრულუფლებიანი ელჩი ესაუბრა, თომას მიულმანმა ავსტრიის საგარეო პოლიტიკის მთავარ ხაზზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ გამოუთქვა ქვეყანას მხარდაჭერა დასავლური გაერთიანებების წევრობის მისწრაფებაში.
ავსტრიის მუდმივი და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიასა ეხმაურება. თომას მიულმანი "კურიერთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ არჩევნები ნებისმიერ ქვეყანაში მწვავე დებატების პერიოდია, თუმცა მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა პარტიებმა შორსმჭვრეტელობა გამოიჩინონ და მომავალში პოტენციურ პარტნიოებთან და კოალიციის წევრებთან ურთიერთობები კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართონ.
დიპლომატი საპარლამენტო არჩევნების წინ დაფიქსირებულ ძალადობის შემთხვევებსაც გამოეხმაურა.
"არჩევნები ყოველთვის მწვავე დებატების დროა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს პერიოდი იყოს ქვეყნის მომავლისთვის საუკეთესო იდეებს შორის შეჯიბრი და არა პერსონალური თავდასხმების დრო, რადგან არჩევნების შემდეგ, კოალიციაში თუ პარლამენტში, სამთავრობო პარტიასა თუ ოპოზიციურ პარტიებს ერთად მოუწევთ მუშაობა საქართველოს მომავლისთვის. ის რაც ჩვენი ხედვით მიუღებელია - ძალადობაა. მიხარია, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა და კრიმინალურ საქმეები გაიხსნა. მნიშვნელოვანია, რომ ამ საქმეებს მკაცრად მიყვნენ და დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგნენ,"- აღნიშნა თომას მიულმანმა.