თითქმის 48 საათი შეირაღებული თავდასხმიდან - პოლიცია ამ დრომდე ცდილობს იმ ბოროტმოქმედის ადგილმდებარეობის დადგენას, რომელიც 500 ათას დოლარს ყაჩაღური თავდასხმით და მძევლებით დაეუფლა. შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯაროდ არ ამბობს - ჰყავს, თუ არა გამოძიებას შეირაღებული და შენიღბული პირი იდენტიფიცირებული.
გამოძიება მუშაობს, დანაშაულში სავარაუდოდ სხვა პირების მონაწილეობის მიმართულებითაც. ამ დრომდე დაუზუსტებელია, იმყოფება თუ არა ძებნილი პირი, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
"კურიერთან" საუბარში ყოფილმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ გაიხსენა მომხდარის დეტალები და განაცხადა, რომ მას თავდამსხმელის გარეგნობაზე ბევრი ინფორმაცია არ აქვს და შეუძლია მხოლოდ აღნაგობაზე იმსჯელოს. ირაკლი კვარაცხელიას თქმით, თავდამსხმელს სათადარიგო გეგმებიც ჰქონდა:
"სათადარიგო გეგმებიც ჰქონდა იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სიტუაცია არ გამოვიდოდა მისი გეგმის მიხედვით. ის იყო ზუსტად იმდენად აგრესიული, რამდენადაც ეს მას ამ საქმისთვის სჭირდებოდა. თავიდან, იმისთვის, რომ ხალხი საკმარისად შეშინებულიყო. ჩვეულებრივად კომუნიცირებდა ჩვენთან, მაგრამ ასევე გვახსენებდა, რომ არ უნდა დაგვიწყებოდა, რომ სიკვდილის საფრთხე გვემუქრებოდა," - განაცხადა ირაკლი კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს შეიარაღებული პირი ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალში შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. ის 500 ათას დოლარს და უსაფრთხო წასვლის გარანტიებს ითხოვდა. საბოლოოდ მან რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ბანკის შენობა, 3 მძევალთან ერთად დატოვა, რომელთა შორისაც იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი, რომელიც სხვა მძევლებს ჩაენაცვლა. რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელმა აღნიშნული 3 პირიც გაათავისუფლა და მიიმალა. სავარაუდოდ მან თან წაიღო მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ გადახდილი ფულიც. შსს-ს ინფორმაციით მის დასაკავებლად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით - 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო, რაც ყაჩაღობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და მძევლად აყვანას გულისხმობს.