მკლავჭიდის ფედერაციისთვის საბიუჯეტო დაფინანსების დროებით შეჩერების გამო, დაპირისპირება გრძელდება. ხმაურიანი სხდომის შემდეგ სპორტსმენებმა დღეს, ფედერაციაში არსებულ პრობლემებზე კიდევ ერთხელ იმსჯელეს და ახალი მოთხოვნები დაასახელეს.
"პრობლემის მოგვარება შეიძლება ფედერაციის წევრების გაზრდით, გამგეობის წევრების გაზრდით და ვადამდელი არჩევნების ჩატარებით. ჩვენი გათავისუფლების პირობა, რაც სოსო ჯაჭვლიანმა წააყენა, იყო ის, რომ ლიცენზიები არ აქვთო. 3 წელია ამ ადამიანს დავდევთ ლიცენზიის მოსაცემად, მაგრამ უშედეგოდ. ეს ფედერაცია მანამ იქნება პარალიზებული, სანამ სოსო ჯაჭვლიანი არ წავა პრეზიდენტობიდან," - აცხადებს მწვრთნელი გენადი კვიკვინია.
მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი სოსო ჯაჭვლიანი გუშინ სტუმრად ერთ-ერთ ტელევიზიაში იმყოფებოდა, სადაც მისი მხრიდან საკმაოდ მძიმე ბრალდებები გაჟღერდა, როგორ სპორტსმენების, ასევე მწვრთნელების მიმართ.
მკლავჭიდის ფედერაციას საბიუჯეტო დაფინანსება დროებით შეუჩერდა. გადაწყვეტილება საქართველოს განათლების სამინისტროსთან არსებულმა სპორტული ორგანიზაციებისა და აღიარების საბჭომ მიიღო.
მიზეზი ფედერაციაში არსებული დაძაბული მდგომარეობა გახდა. სამინისტრო დაპირისპირებულ მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს. რამდენიმე დღის წინ ფედერაციაში ხმაური და დაპირისპირება იყო, სპორტსმენები და მწვრთნელები მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტის სოსო ჯაჭვლიანის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი