რატომ ჩაცხრილეს პირი, რომელმაც წარსულში დეპუტატის მკვლელობა დაგეგმა - თბილისში მომხდარი დანაშაულის ერთ-ერთ ვერსიად შურისძიება განიხილება. პოლიცია ამ დრომდე ეძებს პირს, რომელმაც 41 წლის ვალერიან ნემსიწვერიძეს საკუთარ ავტომობილში რამდენჯერმე ესროლა.
უცნობია, მოხერხდა თუ არა მომხდარიდან 4 საათის შემდეგ დამნაშავის იდენტიფიცირება.
სარაჯიშვილის 38 ნომერთან, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი უკვე გადაასვენეს ექსპერტიზაზე.
"კურიერი" გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს ესაუბრა. მეზობლების ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ოჯახმა ცოტა ხნის წინ შეიტყო და მკვლელობის მოტივზე დეტალური ინფორმაცია არ აქვთ. რაც შეეხება გარდაცვლილს, წყალტუბოში ბოლოს ორი დღის წინ იყო, მას მეზობლები დადებით პიროვნებად ახასიათებენ, თუმცა რას საქმიანობდა, არ იციან. ასევე, უჭირთ საუბარი მისი ნასამართლეობის შესახებ.
გარდაცვლილის შესახებ ოჯახის ადვოკატმაც ისაუბრა. როგორც უფლებადამცველი ამბობს, ვალერიან ნემსიწვერიძე წარსულში ერთხელ იყო ნასამართლევი. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ გარდაცვლილს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ე.წ. ციხის ბუნტში, ადვოკატი აცხადებს, რომ ასეთი რამ არ მომხდარა.
"ერთხელ იყო ნასამართლევი, თუმცა სტრასბურგიდან ჩამოვიდა გადაწყვეტილება, სადაც ეწერა, რომ ის უკანონოდ იყო ნასამართლევი. ასევე, მას არანაირად არ მიუღია მონაწილეობა ციხის ბუნტში. ჩვენ პატიოსან ადამიანზე ვსაუბრობთ და არა კრიმინალზე,"- განაცხადა ადვოკატმა.
მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძე დეპუტატ კახა გიუაშვილის მკვლელობის დაგეგმვაში ამხილეს. საქმე უკავშირდება პარლამენტის ყოფილ წევრზე 17 წლის წინ მომხდარ თავდასხმას. გარდაცვლილს, ასევე, ბრალად ედებოდა ბანკის აქტივების მითვისება.
ვალერიან ნემსიწვერიძე 2004 წლის 13 მაისს დააკავეს. პოლიციის მხრიდან არასათანადოდ მოპყრობის, წინასწარი პატიმრობის პირობებისა და პერიოდის არასათანადობისა და უკანონობის გამო ბრალდებულმა მიმართა სტრასბურგის სასამართლოს. ვალერიან ნემსიწვერიძემ ეს საქმე მოიგო და სახელწიფოს მისთვის 16 000 ევროს გადახდა დაეკისრა.