არაღიარებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისა და აზერბაიჯანი-სომხეთის კომპრომისზე წასვლას ამჯერად აშშ ცდილობს. ვაშინგტონში ჩასული მხარეების საგარეო საქმეთა მინისტრებს დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივანი შეხვდა. მაიკ პომპეო ჯერ აზერბაიჯანის, შემდეგ კი სომხეთის პირველ დიპლომატს ესაუბრა. საერთაშორისო საზოგადოებას იმედი აქვს, რომ კონფლიქტის ზონაში ცეცხლი ამჯერად მაინც შეწყდება.
კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობას აშშ-ს რუსეთის პრეზიდენტი უწონებს. ვლადიმერ პუტინის მიერ ბოლოს გაკეთებული განცხადებით ნათელი გახდა, რომ ერევანს ოფიციალური მოსკოვის იმედი არ უნდა ჰქონდეს. რუსეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ სიტუაცია, როდესაც აზერბაიჯანს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგული აქვს, სამუდამოდ ვერ გაგრძელდება.
კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების არ სჯერა სომხეთის პრემიერ-მინისტრს. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ოფიციალურ ბაქოს სიტუაციის დიპლომატიური გზით გადაწყვეტა არ სურს. აზრი არც ილჰამ ალიევს შეუცვლია. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამბობს, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა და ეს საერთაშორისოდ აღიარებული მოცემულობაა.
მსოფლიოს ძალისხმევის მიუხედავად, ვითარება არ იცვლება კონფლიქტის ზონაში. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლების ინფორმაციით, ბოლო 24 საათში დაპირისპირებას კიდევ 27 სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა.