19 ნოემბერი 2024,   07:20
ვრცლად
ბადრი ესებუას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას მტკიცებულებები ამოიღეს - ეჭვმიტანილის ოჯახის წევრები ამ წუთებში იკითხებიან

სოფელ გრიგოლიშში, ტერორიზმში ბრალდებულ ბადრი ესებუას სახლში სპეცოპერაცია დასრულებულია. ჩხრეკა 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამოღებულია სხვადასხვა ნივთმტკიცებულებები, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში გადაიტანეს. 

დაკითხვაზე გადაიყვანეს ბადრი ესებუას ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის მამა და ორი ძმა. ასევე, ნათესავებიდან ასაკოვანი ქალი.

ჩხრეკა დასრულებულია ბადრი ესებუას ძმების საცხოვრებელ სახლებშიც.

საპოლიციო ძალებმა ტერიტორია უკვე დატოვეს. ზუგდიდის სამმართველოს უფროსი არ აკონკრეტებს თუ, კონკრეტულად, რა მტკიცებულებებზეა საუბარი. 

დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა.

ეს არის ერთადერთი გვარი, რომელიც ბევრად ადრე გავრცელდა, ვიდრე ამას გამოძიება დაადასტურებდა.

უწყების განმარტებით, 21 ოქტომბერსვე იყო შსს-სთვის ცნობილი პიროვნების სახელი და გვარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დღის ამბები