19 ნოემბერი 2024,   06:28
ვრცლად
"მთავარი კვლევა 31 ოქტომბერს ჩატარდება" - ოპოზიციაში Survation-ის კვლევის მონაცემებს უნდობლობას უცხადებენ

"რუსთავი 2" -ის მიერ დაკვეთილი ბოლო კვლების შედეგებს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. Survation-ის კვლევის მონაცემებს უნდობლობას უცხადებენ ხელისუფლების ოპონენტები. მათი ნაწილი ამბობს, რომ კვლევაში წარმოდგენილი ციფრები რეალობას არ შეესაბამება.

კვლევების შედეგებს არ ენდობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, სალომე სამადაშვილიც. ის დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის მხარდაჭერა ბევრად მაღალია და არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.  

"რეალური მხარდაჭერა ოპოზიციის, ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერი კვლევა აჩვენებს ამას. ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, რომელსაც აქვს უზარმაზარი გამოცდილება ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლევების მიმართ ნდობა მაღალი არ მაქვს, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ოპოზიცია ძალიან დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რა თქმა უნდა, იქნება მთავარი მოთამაშე ოპოზიციურ ფლანგზე," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კვლევის შედეგებს აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი, სერგი კაპანაძე.

"გამომდინარე იქიდან, რომ არის ცოტა რესპოდენტი გამოკითხული, გამომდინარე იქიდან, რომ ჯიუტად არ აქვეყნებენ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რაოდენობას და შესაბამისად, როდესაც მეთოდოლოგიაზე ამდენი კითხვაა, სერიოზულად ვერავის მიერ ვერ იქნება განხილული," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

”ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანზორ ბიწაძე ამბობს, რომ რეალური შედეგები შაბათს გამოჩნდება.

"ეს არის ირაკლი კობახიძის ნაჯღაბნი და ამ ნაჯღაბნისთვის და ამ ტყუილისთვის თავად ბიძინა ივანიშვილი მოსთხოვს მას პასუხს შაბათს საღამოს, როდესაც ის დაინახავს რეალურ შედეგებს," - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მთავარი კვლევა 31 ოქტომბერს ჩატარდება. მან ამომრჩევლებს არჩევნებზე მისვლისა და ხმის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.

"მთავარი კვლევა იქნება შაბათს, 31-ში და ყველა ამომრჩეველს მოვუწოდებ, მოდით აუცილებლად. მეორე, რომ ქართული ოცნება 35%-ზე მეტს ვერ აიღებს, 20%-იანი ცდომილება აქვს ამ კვლევას, მესამე, რომ სტრატეგია აღმაშენებელს მინიმუმ ორნიშნა რეიტინგი ექნება, შეიძლება მეტიც. გვექნება ყველაზე მაღალი მზარდი მხარდაჭერა, ისევე როგორც გვაქვს მთელი კამპანიის მანძილზე," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები