გიორგი გახარიამ ზუგდიდის ადმინისტრაციული შენობა, 2 საათიანი შეხვედრის შემდეგ, უკვე დატოვა. პრემიერმა შეხვედრის დეტალებზე არ ისაუბრა. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელს ხვდებოდა.
"კურიერის" ინფორმაციით, ამ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები. შეხვედრის მთავარი განხილვის თემა კი, 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმა იყო.
პარალელურად, ამ დროისთვის საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები თავდამსხმელის ადგილსამყოფელის დასადგენად აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
32 წლის ბადრი ესებუას საპოლიციო ძალები ყველა მიმართულებით ეძებენ. შს სამინისტრომ გუშინ, დღის ბოლოს დაადასტურა, რომ ესებუა სწორედ ის პიროვნებაა, რომელსაც ზუგდიდში, "საქართველოს ბანკში" მძევლების აყვანაში ადანაშაულებენ.
ბანკზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს. საუბარია კონკრეტულად სამ მუხლზე, რაც ტერორისტულ აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.