ფოთში ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნა. სასწავლო დაწესებულება სტუდენტებს 2021 წლიდან მიიღებს, იქამდე კი მსურველები სასერტიფიკატო კურსებს გაივლიან.
დღეს ფოთში პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა, რომელმაც შავი ზღვის საზღვაო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"საზღვაო ტრანსპორტის განვითარება არის ქვეყნის მომავალი. შავი ზღვა არის საქართველოს მომავალი და შესაძლებლობა. ამიტომ, ყველაფერს, რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ, აქვს უდიდესი გათვლა მომავალზე. ფოთი, როგორც ქვეყნის საზღვაო კარიბჭე, ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი და გახდება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. საქართველოს შავი ზღვისპირეთის საპორტო ინფრასტრუქტურა არის ქვეყნის მთავრობის პრიორიტეტი და მომავალ წლებში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ, პირველ რიგში, განვითარდეს ფოთი, ანაკლია და ყველა ის საზღვაო პროექტი, რომელიც ქვეყანას აქვს. იმიტომ, რომ სხვაგვარად შეუძლებელია ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსის - ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის გადათარგმნა თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის რეალურ შემოსავლებში,"-განაცხადა პრემიერმა.