"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად მძიმე ეპიდვითარებისა, არჩევნების შემდეგ არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური "ლოკდაუნი" არ იგეგმება.
მისივე განცხადებით, ოპოზიცია ამ თემით სპეკულირებს, რადგან არჩევნების წინ მათ ყოველთვის აქვთ რევოლუციური სცენარი.
"ეს არის ოპონენტების მხრიდან სპეკულაცია და ამაზე გვაქვს მარტივი პასუხი - საქართველოს მთავრობამ, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არავითარი "ლოკდაუნი" არ იქნება. ამაში იგულისხმება, პირველ რიგში, ეკონომიკური "ლოკდაუნი" და, ასევე, პოლიტიკური "ლოკდაუნი".
თუ ჩვენ თუ ავიღებთ საერთაშორისო სტანდარტებს, როდის ხდება ეკონომიკური "ლოკდაუნის" შემოღება, ამის საფუძვლები არ იკვეთება და არ გამოიკვეთება უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში.
რაც შეეხება ოპოზიციას, მათ ყველა არჩევნებზე თავი მოაბეზრეს საზოგადოებას, აქვთ რევოლუციური სცენარები, განზრახვები და ა.შ. თუმცა, კოვიდი არ იყო ადრე და მის გარეშეც მათ ყოველ ჯერზე ჩაუვარდათ რევოლუციური სცენარი და ახლაც ასე იქნება,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.