ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ "დღის კურიერის" ეთერში ქვეყანაში აფრსებულ ეპიდვითარებაზე და კოვიდინფიცირებული პაციენტების სახლში მკურნალობასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ არსებობს შესაძლებლობა ოჯახის ექიმმა მსუბუქი პაციენტი ბინაზე მართოს, მას შემდეგ რაც რისკები შესაბამისად შეფასდება.
"ჩვენი პროტოკოლის შესაბამისად მთავარი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ სწორად მოხდეს რისკების შეფასება და თუ ოდნავ მაინც პროგნოზულად არის მოსალოდნელი გართულებების აღმოცენება, ამ შემთხვევაში ვთავაზობთ პაციენტს მკურნალობას ჰოსპიტალში ან კოვიდსასტუმროში, სადაც მეტად აქტიური და ინტენსიურია სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობა. დღეს ვისთვისაც რეკომენდებულია ბინაზე დარჩენა, ეს არის 1-65 წლის ასაკობრივ ჯგუფში მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ ქრონიკული დაავადებები, თუ ქრონიკული დაავადებაა და ოდნავ მაინც რაიმე გართულების რისკია, ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ეს რისკები თავიდან ავიცილოთ და გადავიყვანოთ საწყისი შეფასებისთვის ჰოსპიტალში და თუ შემდგომ ექიმი გადაწყვეტს, რომ მას შეუძლია უსაფრთხოდ განაგრძოს მკურნალობა ბინაზე, რა თქმა უნდა, ამისი შესაძლებლობა ყოველთვის არის. ოჯახის ექიმები საკმაოდ კარგად მომზადებულები არიან იმისთვის, რომ დისტანციურად მათი მდგომარეობა შეაფასონ და თუ არის ისევ და ისევ რისკი გართულების დავაბრუნოთ ასეთი პაციენტი ჰოსპიტალში," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ასევე პასუხის გაცემა მოუწია იმასთან დაკავშირებით ხდება თუ არა გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის შემოწმება იმასთან დაკავშირებით, არსებობს თუ არა თრომბოემბოლიის რისკი გამოჯანმრთელების შემდეგ. ეს კითხვა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც კორონავირუსისგან განკურნებული ახალგაზრდა მამაკაცი თრომბოემბოლიით გარდაიცვალა.
"ნებისმიერი გარდაცვალება ძალიან საყურადღებოა და არის ტიპური გარდაცვალება, რომელიც დგება მძიმე ქრონიკული ფონური დავადებების ფონზე და არის კიდევ კაზუისტიკური შემთხვევები, რომელიც უნდა შევაფასოთ შევისწავლოთ და ზოგადად გლობალური მეცნიერება ამითაა დაკავებული.
ჩვენ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ თრომბოემბოლიური გართულებების რისკი ავიცილოთ თავიდან? რა თქმა უნდა, შეფასება ხდება თავიდანვე რამდენიმე ეტაპად, თუმცა სისხლის ანალიზის და შედედების ფუნქციის შემოწმება ასე რუტინულად ყველა შემთხვევაში არც რეკომენდირებულია და არცერთი ქვეყანა ამას არც აკეთებს და არც იმის საფუძველია, რომ სრულად მოხდეს თრომბოემბოლიური რისკების გადაზღვევა. თრომბოემბოლია მოსალოდნელია უფრო მეტად მძიმე პაციენტებში, რომლებიც აუცილებლად გადადიან ჰოსპიტალში და ეს წინასწარი შეფასება, რაც ითვალისწინებს რისკფაქტორების გამოკვლევას, ამას ყველაფერს ოჯახის ექიმი სწავლობს, თუმცა 100% გადაზღვევა, რა თქმა უნდა, არც ჰოსპიტალში ხდება,"- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.