გლდანში, სადაც ამ წუთებში მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის დახურვის ღონისძიება და შემაჯამებელი შეხვედრა იმართება, დედაქალაქის მერმა და პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მხარდამჭერებს მიმართა.
"დღეს ისე როგორც არასდროს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არის აყვანილი უმაღლეს დონეზე. განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები არ იდევნებიან ჩვენს ქვეყანაში. არ ყრიან სამსახურებიდან როგორც ეს ხდებოდა წინა წლებში.
მე ნამდვილად მეამაყება ის, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა ჯანდაცვის დარგში. ასევე ძალიან კარგად მახსოვს როგორ იყო მიგდებული სოფლის მეურნეობის მიმართულება. აქაც ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა," - აღნიშნა კალაძემ.
კალაძემ დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა.
"გლდანთან მაქვს ჩემი ემოციური დამოკიდებულება. 13 წლის პატარა ბიჭი ვიყავი, როდესაც თბილისში გადმოვედი, ბინა არ მქონდა და მამიდასთან ვცხოვრობდი გლდანის მესამე მიკრო რაიონში. მე ნამდვილად მეამაყება, რომ აქ ვხედავ ადამიანებს, ვისთან ერთადაც გავატარე ახალგაზრდობა. გლდანს უკავშირდება ჩემი წარმატება, გლდანს უკავშირდება ყველაფერი კარგი, რაც მახსოვს იმ ბნელ 90-იანებში. მე როგორც ქალაქის მერმა რით შემიძლია ეს სიკეთეები გადავუხადო გლდანს და გლდანელებს, რა თქმა უნდა, ჩემი შრომით და განხორციელებული პროექტებით, რომელსაც ვაკეთებთ," - განაცხადა კალაძემ.
"მე მჯერა იმის, რომ ჩვენ ხვალ, გადამწყვეტ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ეს იქნება ჩვენი კონკრეტული პარტიის გამარჯვება, არა მეგობრებო, ეს იქნება - ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. დარწმუნებული ვარ ხვალ ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ ამ დიდ გამარჯვებას," - აღნიშნა კალაძემ.