"ევროპული საქართველოს" ოფისში პარტიის ლიდერებმა მათი დაკვეთით შესრულებული ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნეს.
დავით ბაქრაძის ინფორმაციით, შედეგები ასეთია: "ქართული ოცნება" - 37.4%, "ნაციონალური მოძრაობა" - 28.9%; "ევროპული საქართველო" – 10%.
"როგორც იცით უკვე გამოცხადდა რამდენიმე ეგზიტპოლის შედეგი და ყველა მათგანს აერთიანებს ერთი რამ - ამ შედეგებიდან ჩანს, რომ "ქართულ ოცნებას" არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი და არ გააჩნია ქართველი ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილში. აქ მე არ ვთვლი ხელისუფლების დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლებს.
ყველა ეგზიტპოლში იყო ძალიან მაღალი პასუხი უარზე და შემდეგ მოხდა ალოკაცია, რომელიც ყოველთვის იწვევს ძალიან დიდ ცდომილებას.
ასეთ პირობებში, როდესაც ფიქსირდება განსხვავებული მონაცემები, როდესაც ყველა ხმა და პროცენტი მნიშვნელოვანია იმის დასათვლელად, როგორ დაჯდება ჯამურად ხმები და ვის ხელში იქნება ხელისუფლება. ასეთ პირობებში, ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ცენტრალური საარჩევნო კომისიაში ხმების დათვლის პროცესს,"-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძემ მოუწოდა "ევროპული საქართველოს" დამკვირვებლებს, განსაკუთრებით ყურადღებით იმუშაონ და თითოეული ხმა დაიცვან.