საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა კიდევ რამდენიმე ათასით გაიზარდა, რამაც მსოფლიო რეიტინგში ქვეყნის მდგომარეობა გააუარესა, კორონავირუსის ლაბორატორიულად გამოვლენილი ფაქტების რაოდენობით საქართველო ქვეყნებს შორის 67-ე ადგილზეა.
37-ით გაიზარდა COVID-19-ის მსხვერპლთა რიცხვიც. გარდაცვლილთა შორისაა 32 წლის პაციენტიც. ახალგაზრდა ქალი აჭარაში გარდაიცვალა.
"შემოყვანისთანავე ავადმყოფის მდგომარეობა იყო მძიმე აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ციანოზი იყო გამოხატული, ავადმყოფს სასწრაფოდ გაუკეთდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც აღმოჩნდა 80% ფილტვის დაზიანება. იმ წუთსვე გადაყვანილი იქნა პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში და ინტუბირებულ იქნა.
მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, განვითარდა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი, რასაც დაერთო თირკმლის მწვავე უკმარისობა და გუშინ ეს ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.
80% ფილტვის დაზიანება ერთ-ორ დღეში არ ხდება, ალბათ მაინც დაგვიანებით იყო მოსული კლინიკაში," - განაცხადა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა გია კიკაბიძემ.