პროფესიული განათლების განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიური ცოდნის ხელმისაწვდომობა - Skillwill სტუდენტებს ახალ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს სთავაზობს. კოლეჯის ახალი კამპუსის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
სასწავლო სივრცეები, ლაბორატორიები და ინფრასტრუქტურა მთავრობის მეთაურმა და განათლების მინისტრმა დაათვალიერეს. ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში პრემიერ-მინისტრმა, პროფესიული განათლების სახელმწიფო დაფინანსების როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწავლის საფასურის გადახდის გარეშე, პროფესიული განათლების მიღება მოქალაქეებს, ასაკის, შემოსავლის და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, კვალიფიკაციის ამაღლებაში უწყობს ხელს.
"სქილვილი" სტუდენტებს 13 სადიპლომო პროგრამას სთავაზობს. მათ შორისაა კოლეჯის მონაწილეობით შემუშავებული ხუთი ახალი მიმართულება: ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები, ციფრული მარკეტინგი, მონაცემთა ანალიტიკა, IT პროექტების მართვა და პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება. კოლეჯი ოთხ კამპუსს აერთიანებს, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში და 50-ზე მეტ პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობს, რაც სტუდენტების კარიერულ შესაძლებლობებს კიდევ უფრო აფართოებს.
Skillwill-სა და ბიზნესასოციაციას შორის დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც პროფესიულ განათლებაში დამსაქმებლების ჩართულობას, შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული კადრების მომზადებას და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების ახალ შესაძლებლობებს ისახავს მიზნად. დოკუმენტს ხელი Skillwill-ის კოლეჯისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პლატფორმა MIT Open Learning-თან თანამშრომლობის ოფიციალური წარდგენის ფარგლებში მოეწერა.
სახელმწიფოს, კოლეჯისა და დამსაქმებლების თანამშრომლობა ქმნის პოზიტიურ წინაპირობას - მოქალაქეებმა შეიძინონ ეკონომიკაში მოთხოვნადი უნარები, ბიზნესმა კი კვალიფიციური სპეციალისტები მოამზადოს. მზარდ ინტერესს ტექნოლოგიური პროფესიების მიმართ, საქსტატის მონაცემები ადასტურებს, რომლის მიხედვით, ბოლო სამ წელიწადში პროფესიულ პროგრამებზე წლიური ჩარიცხვების რაოდენობა თითქმის 40%-ით გაიზარდა და დაახლოებით 20 ათასს მიაღწია.