24 ნოემბერი 2026,   21:37
ვრცლად
საქართველოში სუროგაცია იკრძალება - ინიციატივა მალე კანონპროექტის სახეს მიიღებს

ქალების პოტენციური ექსპლუატაცია, კრიმინალის საფრთხე, ადამიანით ვაჭრობის რისკი - ეს ის გამოწვევებია, რომელიც სუროგაციას თან ახლავს. პრემიერ-მინისტრის თქმით, სწორედ, სამართლებრივი და მორალური პრობლემების დაზღვევის მიზნით, სახელმწიფომ სუროგაციის სრულად აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერმა საპატრიარქოს პოზიციაზეც ისაუბრა, განმარტა ისიც, რომ თანამედროვე მსოფლიოში ამ სერვისით მომსახურება მხოლოდ 7 ქვეყანაშია დასაშვები.

ინიციატივა მალე კანონპროექტის სახეს მიიღებს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს საპარლამენტო სესიაზე სუროგაციასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები გაიხსენა, რომელიც ადასტურებს, რომ ამ ტიპის მომსახურებას საქართველოში დემოგრაფიული მონაცემების გაუმჯობესებასთან კავშირი საერთოდ არ აქვს.

სუროგაცია რომ სამართლებრივ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, ამას ვერც ოპოზიციაში უარყოფენ. თუმცა, ხელისუფლების ოპონენტები ინიციატივას მაინც იწუნებენ და ყოველგვარი სტატისტიკის გარეშე ამ პროცესს დემოგრაფიული მონაცემის გაუმჯობესებასთან აკავშირებენ.

გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, პორტუგალია, სლოვენია - ეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, სადაც სუროგაცია კანონითაა აკრძალული. სამართლებრივად კიდევ უფრო მკაცრია იტალიის მიდგომა, რომელშიც სუროგაცია კრიმინალიზებულია. საერთაშორისო პრაქტიკა და კრიმინალური საფრთხეებისაგან ახალშობილებისა და ქალების დაცვა - სწორედ ამ არგუმენტებით იხელმძღვანელებენ მმართველ გუნდში კანონის შემუშავების პროცესში, რომელმაც კომერციული სუროგაცია უნდა აკრძალოს.

გადაწყვეტილება სუროგაციის კანონით აკრძალვის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამოცხადდა. შეზღუდვა არ შეეხება ინვიტრო განაყოფიერებას. ახალ ინიციატივას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც გამოეხმაურა და მთავრობის გადაწყვეტილებას ერის ზნეობრივი გაჯანსაღებისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

დღის ამბები