ფეხბურთის ფედერაციასთან სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილებმა საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე თბილისის მერის კახი კალაძის და "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის დასწრება გააპროტესტეს. აღნიშნული მატჩი კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული რეგულაციების გამო, მაყურებლის გარეშე ჩატარდა.
აქციაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამოქალაქო აქტივისტებმა ფეხბურთის ფედერაციაში ჯორჯ ორუელის წიგნის, "ცხოველების ფერმის" დატოვება სცადეს. დაშავდა ერთი ადამიანი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.
"გვინდოდა წიგნის ჩაბარება ფედერაციაში და გვითხრეს, რომ დაკეტილიაო, ფედერაცია არის დაკეტილი, რომელსაც ქართველი ხალხი ვაფინანსებთ და ვალდებულები არიან, რომ ღია იყოს და იმუშაოს,"- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
საპროტესტო აქციის მონაწილე ფეხბურთის ფედერაციას ძალადობაში ადანაშაულებს:
"მილიონები, რომელსაც ჩვენი ჯიბიდან ამ ფედერაციას ვუხდით, ფეხბურთის ნაცვლად ხმარდება ზონდერებს," - აცხადებს ერთ-ერთი აქტივისტი.
დაპირისპირების მიზეზებზე საუბრობს ვეტერანი ფეხბურთელი, ფედერაციის თანამშრომელი ლევან ცქიტიშვილი:
"ცუდად იქცევიან, შეურაცხყოფებზე გადადიან და იგინებიან, ჩვენც ქართველები ვართ და ვერ ავიტანთ გინებას, მოსახვედრს მოხვდა ვისაც საჭირო იყო," - განაცხადა ლევან ცქიტიშვილმა.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი