კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში 49 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 4 048 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 3 856 პირი. სულ, ქვეყანაში კორონავირუსის 104 732 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
ვირუსთან ეფექტიანი ბრძოლის წინაპირობად ინფექციონისტები არსებული რესურსების სწორად გამოყენებასა და რეკომენდაციების დაცვაში ხედავენ. სპეციალისტები მზარდი კოვიდ სტატისტიკის გამო, ქვეყანაში შექმნილ დრამატულ სიტუაციაზე საუბრობენ და რეგულაციების უგულებელყოფის შემთხვევაში, მდგომარეობის უფრო დამძიმებას არ გამორიცხავენ.
მზარდი კოვიდ სტატისტიკის შეჩერებას სრული ლოკდაუნის გარეშე გამორიცხავს გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი გიორგი ფხაკაძე. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის განცხადებით, მყისიერი ჩაკეტვით ქვეყანა ვირუსის გადაცემის ჯაჭვს მნიშვნელოვნად შეამცირებს. მძიმე ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში ფხაკაძე მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.