კორონავირუსის წინააღდეგ, შესაძლოა, ახალი პრეპარატის გამოყენება დაიწყოს. პრეპარატ "მოლნუპირავირზე" ცდები უკვე ჩატარდა და შედეგი დამაკმაყოფილებელია.
საუბარია პრეპარატზე, რომელიც გამოიყენებოდა გრიპის საწინააღმდეგოდ. "მოლნუპირავირი", როგორც "კოვიდ-19"-თან ბრძოლის მთავარი იარაღი, შესაძლოა, რამდენიმე თვეში დამტკიცდეს.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებით, ამ პრეპარტთან დაკავშირებით ზედმეტი ეიფორია არ ღირს, რადგან მისი ეფექტურობა კლინიკური კვლევებით უნდა დადასტურდეს.
"ჯერჯერობით, ამის წინაპირობა, ლაბორატორიის იქით და ცხოველებზე ჩატარებული ცდების გარდა არ არსებობს. ეს დამაიმედებელია, მაგრამ, სამწუხაროდ, ლაბორატორიული და ცხოველებზე ცდებით მიღებული დასკვნები პაციენტებთან ხშირად არ ამართლებს. ამიტომ, ჩვენ ზედმეტი ეიფორია არ გვმართებს. დაველოდოთ კლინიკურ შედეგებს, ამას 2-3 თვე დასჭირდება. ღმერთმა ქნას, რომ ამ პრეპარატმა გაამართლოს,"-განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
ვირუსოლოგ ტატა ქებაძის აზრით კი, შედეგები დამაიმედებელია და კვლევებით ისიც დასტურდება, რომ ეს პრეპარატი დაავადების გადადების რისკსაც ამცირებს.
"უფრო სწორად რომ ვთქვათ, კი არ აჩერებს, აფერხებს რეპლიკაციას, რაც, ჯერჯერობით, ამ კვლევებით ჩანს და გადადებასაც ამცირებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არ ვიცით ვაქცინაციის დროს გადადება არის თუ არ არის. როგორც ინგლისელები იტყვიან, ძალიან საიმედო დასკვნებია,"-განაცხადა მან.