09 მაისი 2024,   00:08
ვრცლად
გურიაში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებისას დაშავებული 2 პირი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება - პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 35 წლის მამაკაცი დააკავა

გურიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 35 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მან ურთიერთშელაპარაკების დროს, თანასოფლელებს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შედეგად ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება ორი დაშავებული. ექიმი თეიმურაზ კოროშინაძე ამბობს, რომ დაშავებულებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დაპირისპირება გურიაში, გუშინ რელიგიურ ნიადაგზე მოხდა. სოფლის მოსახლეობის ნაწილს, მუსლიმურ თემს სოფელში სალოცავის მოწყობა სურს, სოფლის ქრისტიანი მოსახლეობა კი წინააღმდეგია. პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ კონფლიქტის მონაწილე სხვა პირები. ჩოხატაურის მერიის შუამავლობით დაპირისპირებული მხარეების შეხვედრა დღეს არის დაგეგმილი.

დღის ამბები