გურიაში სოფელ ბუკნარში არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" (EMC) წარმომადგენლები ჩავიდნენ, ისინი ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის დაპირისპირების ადგილზე შესწავლასა და მდგომარეობის განმუხტვაში დახმარებას გეგმავენ. ამ ეტაპზე დაპირისპირება განმუხტულია. უვე ცნობილია, რომ პარასკევის ლოცვა შედგება, თუმცა მუსლიმები ითხოვენ გარანტიებს, რომ რელიგიური რიტუალი უსაფრთხო გარემოში ჩაივლის.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ხაზს უსვამენ იმას, რომ უსაფრთხოების საკმარისი გარანტიებისთვის საჭიროა კონფლიქტის მოგვარებაში უფრო მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ ჩართული და საკითხის მოგვარება მხოლოდ საპოლიციო ჯგუფებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მეშვეობით არ ხდებოდეს:
"გუშინდელი მოლაპარაკებების დროს მუსლიმებმა გარკვეული გარანტიები მიიღეს, რომ უსაფრთხო პირობები შეიქმნება ლოცვისთვის, თუმცა სწორედ იმის გამო, რომ ეს მოლაპარაკებები მაღალ პოლიტიკურ დონეზე არ იმართება, ამ პროცესში არ არიან ჩართული მაღალი თანამდებობის პირები, რომლებსაც საზოგადოებრივი მხარდაჭერა, ლეგიტიმაცია და ნდობა აქვთ, ამავდროულად აქ არ არიან ჩართულები მთავრობის ადამიანის უფლებათა აქტორები და მოსახლეობას ელაპარაკება საპოლიციო ჯგუფები, პოლიციის უფროსები და გუბერნატორი, მოსახლეობისთვის ეს საკმარისი გარანტია არ არის იმისთვის, რომ ეს კონფლიქტი რეალურად გადაწყდება," - აცხადებს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.
ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმები ითხოვენ გარანტიებს, რომ რელიგიური რიტუალი უსაფრთხო გარემოში ჩაივლის. ისინი შეთანხმების დოკუმენტურად გაფორმებას და პროცესში უფრო მაღალი თანამდებობის პირების ჩართვას ითხოვენ.
სოფლის მოსახლეობის ნაწილი კი ბუკნარის მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის სიტუაციის დაძაბვას გარე ძალების მოქმედებებს უკავშირებს.
ვითარება გურიაში გუშინ დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ქრისტიანმა მოსახლეობამ მოითხოვა, რომ სოფელ ბუკნარში მუსლიმების სამლოცველო სახლი მეჩეთად არ გადაკეთდეს. მხარეებს შორის ვითარება დაიძაბა და სოფელში საპოლიციო ძალები შეიყვანეს, რის შემდეგაც, მხარეებმა გუბერნიაში გადაინაცვლეს და პირველი შეხვედრაც გაიმართა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, სოფელ ბუკნარის მუსლიმი მოსახლეობა რელიგიური რიტუალების ჩატარებას უსაფრთხოდ და შეუფერხებლად შეძლებს.