05 მაისი 2024,   03:19
ვრცლად
პანკისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები - მოკლულის დედა დაპირისპირების სავარაუდო მიზეზზე საუბრობს

მკვლელობა დუისში - 40 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე მისივე ნათესავს ეძებენ, რომელმაც წინასწარი ინფორმაციით, მოკლულს დანით 10 ჭრილობა მიაყენა. მკვლელი შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

ამ წუთებში პანკისის ხეობაში და შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გარდაცვლილის დედა "კურიერთან" საუბარში ამბობს, რომ შესაძლოა, მკვლელობის მოტივი წარსულში გამოწვეული წყენა იყოს.

"არ იყო ჩხუბი, არაფერი არ იყო. დადიოდა აქ, ჩვენთან მოდიოდა. მამა რომ მომიკვდა, სამძიმრად რატომ არ მოვიდაო... იყო ჩემი შვილი ორჯერ, მაგრამ თვითონ ადგილზე არ იყო. რა მოხდა, არ ვიცი," – აცხადებს გარდაცვლილის დედა ესმა გაორგაშვილი.

ოჯახის ნათესავის განცხადებით, გარდაცვლილიც და ბრალდებულიც ნარკოდამოკიდებულები იყვნენ.

"ნარკოტიკი გვიფუჭებს ყველაფერს, ამ ახალგაზრდობასაც ცუდ დღეში გვიგდებენ. მთელი ახალგაზრდობა გაგვიფუჭეს. იძახიან, რომ ორივე ნარკოდამოკიდებული იყო. დაურეკია, მარტო ვარ, მოდი, საქმე მაქვსო, მერე რა მოხდა ღმერთმა უკეთ იცის. არანაირი დაპირისპირება წარსულში არ ყოფილა, პირიქით, ძმაკაცები იყვნენ, ყველანი და-ძმებივით ვიყავით," - აცხადებს ოჯახის ახლობელი, ფერიდე უშანაშვილი.

დღის ამბები