კასპში ქვის სამტეხლოში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. პოლიციამ დაკითხა იმ საწარმოს თანამშრომლები, სადაც ერთ-ერთმა მფლობელმა 2 მძევალი აიყვანა. ყოფილ პოლიციელს ბრალი უნდა წაუყენონ. ის ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია. დაკავებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ კონფლიქტი ყოფილ სამართალდამცველსა და საწარმოს სხვა მეწილეებს შორის ბიზნესის გამო მოხდა. მათი ინფორმაციით, დაკავებულს პარტნიორები საკუთარი 10 პროცენტიანი წილის დათმობას სთხოვდნენ. იყო მუქარაც, ქურდული სამყაროს წევრების ჩართვით. "კურიერთან" განცხადებას აკეთებს იმ პირის ოჯახიც, რომელსაც დაკავებულის ახლობლები მუქარაში ადანაშაულებენ.
27 წლის გიორგი მენაბდიშვილის ადვოკატის, ქეთევან გაგლოშვილის თქმით, ის შიმშილობს, არ იღებს საკვებს და უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზეც. გიორგი მენაბდიშვილის უფლებადამცველის ინფორმაციით ბრალი მას დღეს საღამოს წარედგინება.
ინციდენტი გუშინ მოხდა. შეიარაღებული პირი ქვის საამქროში დილით შეიჭრა და ორი პირი მძევლად აიყვანა. უთანხმოების მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, ბიზნეს წილებს უკავშირდება. დაკავებული შსს-ს ყოფილი თანამშრომელია, რომელმაც, უწყების ინფორმაციით, სამსახური 2018 წელს პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
რამდენიმესაათიანი აქტიური მოლაპარაკებების შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცმა მძევლები გაათავისუფლა. ამის შემდეგ, პოლიციამ თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავა. სიცოცხლისთვის საშიში მუქარით ორი, ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდება - ეს არის მუხლი, რომლითაც გამოძიება მიდის.