05 მაისი 2024,   03:48
ვრცლად
ნახევრად დამწვარ სახლში ნაპოვნი ცხედარი - მამაკაცი, რომელმაც ზუგდიდში, სავარაუდოდ, მკვლელობა ჩაიდინა, ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრია

37 წლის ვალერი ვარდანიას ცხედარი მეზობლებმა ნახევრად დამწვარ სახლში იპოვეს. სამაშველო სამსახურებსა და პოლიციაში თავდაპირველად შეტყობინებაც სწორედ ხანძართან დაკავშირებით შევიდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, სახლში, რეალურად, მკვლელობა მოხდა, ხოლო ცეცხლი კვალის დაფარვის მიზნით გააჩინეს.

გამოძიების ვერსიით, ვალერი ვარდანიას ცივი იარაღით ჭრილობები 22 წლის რუსტამ პილიამ მიაყენა და ხანძრის გაჩენის შემდეგ ზუგდიდის დევნილთა დასახლებიდან მიიმალა. ამ ფაქტს თვითმხილველები არ ჰყოლია. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მხოლოდ ვარდანიას ხმამაღალი საუბარი გაიგეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს სატელეფონო საუბარი იყო და იმ მომენტისთვის ის სახლში მარტო იმყოფებოდა.

მკვლელობის ადგილის გარდა, დღეს კრიმინალისტებმა საგამოძიებო მოქმედებები ზუგდიდში კიდევ ერთ ბინაში ჩაატარეს. საუბარია სავარაუდო მკვლელისა და მსხვერპლის საერთო ნაცნობის საცხოვრებელზე, საიდანაც რამდენიმე ნივთმტკიცება, მათ შორის ტანსაცმელი ამოიღეს. არსებობს, ვერსია, რომ თავდამსხმელი მკვლელობის შემდეგ სწორედ ამ სახლში მივიდა. ბინის მეპატრონე პოლიციამ უკვე გამოკითხა.

სავარაუდო მკვლელი, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრია, პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში ზუგდიდში დააკავა. ამოღებულია დანაშაულის იარაღიც. დაკავებულს ბრალს 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით წარუდგენენ.

დღის ამბები