19 ნოემბერი 2024,   12:21
ვრცლად
მელაშვილისა და ილიჩოვას ბრალის დაზუსტება - პროკურატურის მტკიცებით, ბრალს ფარული საგამოძიებო მოქმედებები ამყარებს

გარეჯის საქმეზე დაკავებულები დაზუსტებულ ბრალს არ ეთანხმებიან. ბრალდების მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ნატალია ილიჩოვამ და საგარეო უწყების თანამშრომელმა ივერი მელაშვილმა დანაშაული განზრახ, ზემდგომი პირების დავალებით ჩაიდინეს. 

პროკურატურამ მოტივი გამოკვეთა, თუმცა არ ასახელებს კონკრეტულ პირებს, ვისგან მიიღეს ნატალია ილიჩოვამ და ივერი მელაშვილმა დავალება, საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება ჩაედინათ. პროკურატურის მტკიცებით, ბრალს ამყარებს აგვისტოდან დაწყებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები, როდესაც აუდიო და ვიდეო ჩანაწერები გაკეთდა. მასალის გასაჯაროებას პროკურატურა უახლოეს მომავალში აანონსებს.

ბრალის დაზუსტების პროცედურა გლდანის და რუსთავის საპატიმროებთან მიმდინარე აქციების ფონზე წარიმართა. სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ.

დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე კონკრეტულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში არ საუბრობენ. "ქართული ოცნება" საქმეზე განაჩენის მოლოდინშია.

ნატალია ილიჩოვასა​ და ივერი მელაშვილის მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაასრულა. პროცესი 1 კვირაში სასამართლოში გადაინაცვლებს. სწორედ ამის შემდეგ მოსალოდნელია, რომ გახმაურებულ საქმეზე საკუთარ დასკვნას ომბუდსმენის აპარატი მოამზადებს.

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა 28 იანვარს არის ჩანიშნული, სადაც ადვოკატები პატიმრობის შეცვლას და საქმის შეწყვეტას მოითხოვენ. 

დღის ამბები