19 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
16-სართულიანი შენობა 3-ის ნაცვლად - ბათუმის ბულვარში "ამბასადორის" პროექტის მასშტაბების გაზრდა აქციით გააპროტესტეს

ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ბულვარში "ამბასადორის" მშენებლობა გააპროტესტეს. პროექტი 16 სართულიანია, რაც აქციის მონაწილეების თქმით, ბულვარის ტერიტორიაზე დაუშვებელია.

როგორც აქციაზე შეკრებილები განმარტავენ, რეკრეაციულ ზონაში მსგავსი მასშტაბის პროექტი კანონს ეწინააღმდეგება, რადგან ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. 

პროექტს  შპს "ამბასადორ ბათუმი" ახორციელებს, შენობაში ბალნეოლოგიური ცენტრისა და სასტუმროს მოწყობა იგეგმება. თავდაპირველად აღნიშნულ პროექტზე ნებართვა სამ სართულზე იყო გაცემული, ორი დღის წინ კი პროექტში ცვლილება შევიდა და შენობის სართულიანობა გაიზარდა, მასზე ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ძეგლების საბჭომ გასცა.

დღეს მედიასთან კომენტარი არც კულტურულ მემკვიდრეობის სააგენტომ გააკეთა და არც კომპანია "ამბასადორი"-ს წარმომადგენლებმა.

მოქალაქეები რომლებიც ბულვარში მრავალსართულიანი შენობის ჩადგმას ეწინააღმდეგებიან საკითხზე სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებენ.

დღის ამბები