სპეციალისტების ნაწილი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ერთბაშად მოხსნას არ ეთანხმება. ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განცხადებით, ეს ინფიცირებული პაციენტების დრამატულ ზრდას გამოიწვევს, რასაც, მისი თქმით, ჯანდაცვის სისტემა ვეღარ გაუძლებს.
"შეზღუდვების ერთდროულად მოხსნა გამოიწვევს პაციენტების რაოდენობის ისეთივე დრამატულ მატებას, როგორიც გვქონდა ჩვენ ოქტომბრის ბოლოს, ნოემბერში და დეკემბერში. იცით, რომ ამას ძალიან დიდი მსხვერპლი მოჰყვა და ძალიან ბევრი სიმძიმე, გადატვირთული ჯანდაცვის სისტემა და ა.შ. ამას ნამდვილად ვეღარ გავუძლებთ ვერც მედიკოსები, ვერც სისტემა, ალბათ,"- განაცხადა მარინა ენდელაძემ.
რეზიდენტი ონკოლოგიის მიმართულებით, გიორგი ღოღობერიძე მიიჩნევს, რომ ნელ-ნელა ყველაფერი უნდა ამუშავდეს, მათ შორის, ტრანსპორტიც. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ დაინფიცირებულთა ზრდა დაფიქსირდება, შეზღუდვების შემოღება კვლავ აუცილებელი იქნება.
"ჩვენ გამოვედით პიკიდან და ვუბრუნდებით სექტემბრის დასაწყისში არსებულ სიტუაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ შეზღუდვები ყველა ვარიანტში უნდა შემსუბუქდეს. პირველ რიგში, უნდა აღდგეს ტრანსპორტი. ტრანსპორტი მაშინაც იყო აღსადგენი, როცა ინფიცირებულების ძალიან მაღალი რაოდენობა იყო, რადგან ის არსად შეზღუდულა სხვა ქვეყნებში. შეიძლება ჩვენ არ აღვადგინოთ უცხოელების ვიზიტი საქართველოში, მაგრამ შიდა ტურიზმი უნდა აღდგეს.
ჩვენ უნდა ვაკვირდებოდეთ შემთხვევების მატებას და ამის მიხედვით გავამკაცროთ ან შევამსუბუქოთ რეგულაციები,"-განაცხადა მან.