27 აპრილი 2024,   01:36
ვრცლად
დოკუმენტაციების გაყალბება და ქრთამის აღება - დაკავების ორი ოპერაცია ბორჯომში დღეს ერთდროულად ჩატარდა

ბორჯომის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი საკუთარი სახლიდან ხელბორკილებით გაიყვანეს. დანაშაული, რომელსაც გიორგი ყიფიანს გამოძიება ედავება, სამსახურეობრივი პოზიციით ბოროტად სარგებლობაა. საქმე დოკუმენტაციების გაყალბებასა და ქრთამის აღებას ეხება. უფრო კონკრეტულად, საუბარია სოფელ ჭობისხევში მდებარე 50 000 ლარამდე ღირებულების 10 000 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთზე.

დღეს ბორჯომში დაკავების ორი ოპერაცია ერთდროულად ჩატარდა. საქმეში მონაწილე მეორე პირი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მდებარე მაღაზიაში დააკავეს. თამაზ გოგალაძე არის პირი, რომელმაც 2020 წლის იანვარში მიწის რეგისტრაციის სანაცვლოდ მერიის თანამშრომელს ქრთამი შესთავაზა.

"კურიერის" კითხვებს გაურბიან ბორჯომის მერიაში, იქ, სადაც გიორგი ყიფიანი რამდენიმე წელი ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა. დღეს მუნიციპალიტეტში დანაშაულზე განმარტებების გაკეთებას დუმილს არჩევენ. ამ ეტაპისთვის, უცნობია, იკვეთება თუ არა დანაშაულებრივ სქემაში სხვა პირების მონაწილეობის საკითხი. 

დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირების აყვანის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დაკავებულები თბილისში, წინასწარი დაკავების იზოლატორში გადმოიყვანა.

დაკავებულებს ბრალი დღის ბოლოს, ადვოკატების თანდასწრებით დაუზუსტდათ. სავარაუდო დამნაშავეების ინტერესების დამცველებს მოცულობითი საქმის მასალები უკვე გადაეცათ. ახლა საქმეზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს.

დღის ამბები