ჩხოროწყუში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სავარაუდო იძულების ფაქტზე პასუხისმგებელი ყველა პირი კანონის წინაშე პასუხს აგებს.
"როგორც კი გაირკვევა და მიეცემა სტატუსი მოხდა დანაშაული თუ არა რა თქმა უნდა შესაბამისად დაისჯებიან დამნაშავეები. ბავშვების, მოქალაქეების დაკითხვის შედეგი უნდა დაიდოს, შეჯერდეს ყველაფერი, ეს არის ძალიან სათუთი საქმე," - აცხადებს ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ჯალაღონია.
25 იანვარს მომხდარი ფაქტი მიუღებელია მშობლების ნაწილისთვისაც, თუმცა რესპონდენტების ნაწილი თვლის, რომ გაუგებრობა მოხდა.
"როგორც მშობელმა ეს ვიცოდი, ჩემმა შვილმა დამირეკა და მითხრა, რომ მიჰყავდათ მერიის შენობაში, იყო რაღაცა პროექტი და მე ეს ვიცოდი. რაც იქ მოხდა, რამხელა აჟიოტაჟიც იქ აგორდა, იმდენი რაღაც იქ არც ყოფილა და საპირფარეშოში გადაღებული კადრები, ნებაყოფლობით შევიდნენ ბავშვები და არავის არ დაუძალებია მათთვის არაფერი," – აცხადებს მშობელი ირა დარსალია.
შეგახსენებთ, ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლიდან, სასწავლო პროცესის დროს მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა ბავშვები ადმინისტრაციული შენობის დასალაგებლად წაიყვანა. კადრები, სადაც ჩანს, როგორ ასუფთავებენ არასრულწლოვნები შენობის სხვადასხვა ტერიტორიას - მათ შორის ტუალეტს, მობილური ტელეფონით არის გადაღებული.