17 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
დიპლომატებმა ზაზა გახელაძეს უპრეცედენტო მხარდაჭერა გამოუცხადეს - საერთაშორისო საზოგადოება პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძეს, რომელიც ისევ ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში რჩება, საერთაშორისო საზოგადოება უპრეცედენტო მხარდაჭერას უცხადებს, რომელიც მშვიდობიანი მოქალაქის დატყვევებაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.

პრემიერ მინისტრმა შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებს დღეს დავალებები მისცა - ხელისუფლება პარტნიორებს მიმართავს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებისთვის ქმედითი ზომები მიიღონ.

აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებმა დღეს მომხდარზე ინფორმაცია პრემიერისგან პირადად მიიღეს. ბრიუსელისა და ვაშინგტონის მოწოდებაა, რომ ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დაუყოვნებლივ და უპირობო გაათავისუფლონ.

ელჩების მოწოდებებს იზიარებენ და რუსეთის ქმედებას ცალსახად გმობენ საქართველოს პარტნიორები მსოფლიოს მასშტაბით. დღეს ესტონეთისა და ლიეტუვას საგარეო უწყებებმა, ასევე საქართველოში ნორვეგიის დიპლომატიურმა სამსახურმა არაღიარებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლო უკანონობაში კიდევ ერთხელ ამხილეს და ფაქტი განსაკუთრებით მიუღებლად მიიჩნიეს, იმ კონტექსტშიც, რომ სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი არაჰუმანური და უკანონო ქმედებების გამო 8 პუნქტით გაამტყუნა.

თბილისი დიპლომატიური არხების გააქტიურებას განაგრძობს, რომ პარტნიორებმა მოსკოვზე ზეწოლა გაზარდონ. განსაკუთრებით კი იმ ფორმატებში, სადაც რუსეთიცაა წარმოდგენილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ შუამავლებს უკვე მიმართა ერგნეთში საგანგებო შეხვედრის ჩანიშვნის მოთხოვნით. წინასწარი ინფორმაციით, დიალოგი მარტის პირველ ნახევარში უნდა შედგეს, სადაც ზაზა გახელაძის გათავისუფლების გარდა, თბილისს სხვა ტყვეების დახსნაზეც ექნება სამუშაო.  

დღის ამბები