საოკუპაციო ხაზთან გატაცებული რამაზ ბეღელური კვლავ ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში რჩება.
გვიან ღამით გახდა ცნობილი, რომ საოკუპაციო ხაზთან გატაცებულ რამაზ ბეღელურს საოკუპაციო რეჟიმმა 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულის დედის განცხადებით, ბეღელურის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"პოლიცია იყო მოსული, დილით გვესაუბრნენო, კარგად არისო, მოლაპარაკება მიმდინარეობსო, მალე გამოუშვებენო და რა იქნება არ ვიცი.
საღამო ხანს აქ იყო, მერე გარეთ გასულა. მე არ ვიცოდი არაფერი, მეორე დღეს გავიგე," – აცხადებს რამაზ ბეღელურის დედა ნორა ტერაშვილი.
რამაზ ბეღელური ერთი კვირის წინ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით გუგუტიანთკარში დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის იზოლატორში კიდევ 3 უკანონო პატიმარი რჩება. მათ შორის არიან გენადი ბესტაევი, რომელსაც 2 წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული; ლაშა ხეთერელი, მას 1 წელი მიუსაჯეს და ზაზა გახელაძე, რომელსაც 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.