18 დეკემბერი 2024,   22:08
ვრცლად
გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

გიორგი გახარიამ თანამდებობას დატოვა - ამის შესახებ მან განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით გუნდთან შეუთანხმებლობის გამო მიიღო.

"ეს გახლავთ ადამიანი, რომელიც დიდად არასდროს სცემდა პატივს საქართველოს კანონმდებლობას, ადამიანი, რომელიც 20 ივნისს მოუწოდებდა მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ და იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი პარლამენტში შეჭრის.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ან ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი.

დღეს, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაცია  ქვეყნის განვითარების, მისი უსაფრთხოების და მომავლის რისკებს ქმნის, ჩვენ ყველანი ერთად ვებრძვით პანდემიას, კრიზისს, რეგიონალურ გამოწვევებს, და პოლარიზაციას, რათა უკეთესი მომავალი შევუქმნათ ჩვენს შვილებს, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკები და როდესაც არ იარსებებს არცერთი რისკი, და არ შექმნის არანაირ საბაბს ესკალაციისთვის.

იქიდან გამომდინარე, რომ მე ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება გადავდგე თანამდებობიდან.

მინდა მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რადგანაც, დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და ჩვენ შორის დაპირისპირება არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისის გამკლავებისთვის,"-განაცხადა პრემიერმა. 

დღის ამბები