08 სექტემბერი 2026,   09:04
ვრცლად
დავალება კი არა, საქართველოს საწინააღმდეგოდ რაიმე ფაქტი არ არსებობს და როგორ უნდა წაუყენონ ბრალი ზემდგომ პირებს - ივერ მელაშვილი

დღეიდან ნატალია ილიჩოვასა და ივერ მელაშვილის საქმის არსებითი განხილვა იწყება. სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვით გამოვლენ. 

ბრალდებული, დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ივერი მელაშვილის თქმით, ბრალდება თითიდან გამოწოვილია. მისი მტკიცებით არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ბრალდების წაყენება, მით უფრო ზემდგომი პირების მიმართ.

"კანონიერი დავალება და მაგდაგვარი არ ყოფილა, არ ყოფილა თვითონ ფაქტი, დავალების კი არა, საქართველოს საწინააღმდეგოდ რაიმე ფაქტი არ არსებობს და როგორ უნდა წაუყენონ ბრალი ზემდგომ პირებს, გნებავთ კომისიის თავმჯდომარეს, გნებავთ მინისტრს ან პრეზიდენტს ჩემამდე არ დადის. ეს თითიდან გამოწოვილი ბრალდებაა,"- აცხადებს ბრალდებული, დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ივერი მელაშვილი.

ადვოკატები პროცესზე რაიმე სახის შუამდგომლობის წარდგენას არ აპირებენ და კიდევ ერთხელ აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას, რომ საქმე პოლიტიკურია.

"რამდენიმე მიმართულება აქვს ამ საქმეს. ერთი არის სამართლებრივი, მეორე კარტოგრაფიული და მესამე პოლიტიკური. ყველა ამ მდგენელზე გვსურს მოსამართლემ გაამახვილოს ყურადღება იმიტომ, რომ არა ცალ-ცალკე, არამედ ერთობლიობაში. ვიწრო სამართლებრივად ვერ შეხედავ ამ საქმეს, სრული კონტექსტის გათვალისწინებით უნდა დადგეს განაჩენი,"- აცხადებს ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი.

ნატალია ილიჩოვას ადვოკატი კი, სასამართლოზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვას მოითხოვს. გიორგი მახარაძე განმარტავს, რომ ღარიბაშვილი, თუ სასამართლოში არ მივა, კანონმდებლობა მოწმის სასამართლოში იძულებით მიყვანას ითვალისწინებს.

"მაშინ თუ თავდაცვის მინისტრი გვეყოლებოდა დასაკითხი, ახლა პრემიერ-მინისტრი გვეყოლება დასაკითხი. მე რადიკალურ ცვლილებას ვერ ვხედავ როგორც იყო სხვა  მოტივაციები აქამდე ამ საქმეში, ასეა ახლაც. სასამართლოში უნდა მოვიდეს ყველა შემთხვევაში, თუ არ მოვა, არსებობს მოყვანა იძულებით, როდესაც ადამიანი არ მიდის, ვფიქრობ არ დაგვჭირდება ამ ღონისძიების გამოყენება,"- აცხადებს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი გიორგი მახარაძე.

ბრალდებულების და დაცვის მხარის პოზიციას არ იზიარებს სახელმწიფო ბრალდება. პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, რომ საქმეში საკმარისი მტკიცებულებები დევს იმისთვის, რომ როგორც ნატალია ილიჩივას, ასევე ივერი მელაშვილის წინააღმდეგ, გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს. 

საზღვრის დემარკაცია დელიმიტაციის კომისიის ყოფილ წევრებს რომლებიც გირაოთი იანვარში გაათვისუფლეს, საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები