ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის, ჰანს კლუგეს განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა უმოკლეს დროში საქართველოში COVAX-ის პროგრამით ვაქცინა გაიგზავნოს.
ჰანს კლუგემ ასევე განმარტა, რომ ქართულმა მხარემ ვაქცინის მისაღებად ყველა პროცედურა წარმატებით გაიარა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ყველა ქვეყანა კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატს ერთდროულად ვერ მიიღებდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის თქმით, WHO, UNICEF და COVAX-ი 24 საათის განმავლობაში მუშაობენ იმისათვის, რომ საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ვაქცინა.
"ქართველი ხალხის მიმართ, ჩემი პირველი გზავნილი ისაა, რომ ეკატერინე ტიკარაძემ და საქართველოს მთავრობამ შეასრულეს ყველა ვალდებულება. ამას ვამბობ იმის გამო, რომ მე ვხედავ პრესაში სხვა ინფორმაციას, ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ COVAX-მა ახლა დაიწყო ვაქცინების გადანაწილება და იწყებს სიჩქარის აკრეფას. ეს რთული პროცესია. ვაქცინების პირველი პარტია მიიღეს სხვა რეგიონში, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს კვირებში იგივე მოხდება დანარჩენ რეგიონებშიც. შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შორის. ეს საუბარი შედგა გასული კვირის ბოლოს. დღესაც გვაქვს ამ საკითხებზე კომუნიკაცია ჟენევასთან, UNICEF-თან ვაქცინების გაგზავნის თარიღის განსაზღვრის მიზნით, რადგან ვაქცინის შესყიდვის პროცესი დასრულებულია.
მე მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, დაიცვან წესები, რაც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ არის დაწესებული. COVAX, საქართველოს მთავრობა, UNICEF და განსაკუთრებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, 24 საათის განმავლობაში მუშაობენ იმისათვის, რომ საქართველომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ვაქცინა," - აცხადებს ჰანს კლუგე.