დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია სახალხო დამცველის ანგარიშს ეხმაურება, სადაც თბილისის ფსიქიკურ სამედიცინო ცენტრში არსებულ მძიმე მდგომარეობაზეა საუბარი.
ომბუდსმენის ანგარიშის თანახმად, პაციენტები ძალადობისგან, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისგან დაცული არ არიან. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კი ამბობს, რომ დაუშვებელია რომელიმე ბენეფიციარი დაწესებულებაში რაიმე სახით ძალადობის ან არასათანადო მოპყრობის რისკის წინაშე იდგეს.
"არც ერთი წუთით არ არის დასაშვები ის, რომ ბენეფიციარი დაწესებულებაში იდგეს ძალადობის ან არასათანადო მოპყრობის რისკის ქვეშ. ამას აქამდეც დიდ ყურადღებას უთმობდა დაწესებულების მენეჯმენტი. ჩვენ ვმუშაობთ ფრანგ კოლეგებთან იმისთვის, რომ განახლდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია. აქ მთავარი გადაწყვეტა ამ პრობლემებისთვის გახლავთ დეინსტიტუციონალიზაციის საკითხი და ის, რომ ასეთი დიდი ზომის ინსტიტუციები, როგორიც არის თუნდაც გლდანის სამედიცინო დაწესებულება, შეიცვალოს სხვაგვარი დაწესებულებებით, მეტად სათემო სერვისით, თუ ეს არის ქრონიკულ პაციენტებთან მიმართებაში და ინტეგრირებული მწვავე მოვლის დაწესებულებებით მრავალპროფილურ სერვისებში," - ამბობს თამარ გაბუნია.
ანგარიშის შესახებ დამატებით განმარტებას აკეთებს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე. გიორგი ბურჯანაძე ამბობს, რომ თავად პაციენტები სხვადასხვა სახის ძალადობაზე საუბრობენ.
"მივიღეთ ინფორმაცია სხვადასხვა ძალადობის ფორმების შესახებ, საუბარი იყო როგორც ცემაზე, ასევე გარკვეულ ფიზიკურ ძალადობაზე, ფსიქიკურ ძალადობაზეც გარკვეულ შემთხვევებში და პაციენტები სხვადასხვა ფორმებზე საუბრობდნენ. რაც გარკვეული პერიოდულობით სხვადასხვა დროს ახდენდა გამოვლენას.
ჩვენი რეკომენდაციები გულისხმობს იმას, რომ ძალადობისგან თავისუფალი გარემო უნდა ჰქონდეს, უნდა იყოს კარგი ინფრასტრუქტურა, უნდა იყოს საკმარისი რაოდენობის და კვალიფიციური პერსონალი უზრუნველყოფილი. უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ შეზღუდვის მექანიზმები და საშუალებები, რომელსაც იყენებენ შესაბამისად ამ დაწესებულებაში კანონმდებლობის შესაბამისად იყოს გამოყენებული. არა ერთი შეზღუდვის გამოყენება ხდება მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით,“ - ამბობს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.