დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში - რეზიდენციის შენობის ჩანგრეული მეორე სართული და რამდენიმე დაშავებული. მათ შორის არიან სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები.
ვითარება ეპარქიის რეზიდენციაში ცოტა ხნის წინ სასულიერო პირებს შორის არსებული სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დაიძაბა. ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში სიტუაცია ამ წუთებშიც დაძაბულია. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ადგილობრივი მეუფე სასულიერო პირებს ხვდებოდა.
დაპირისპირების დროს ადგილზე მივიდა მრევლის ნაწილი, რომლებიც იმ ოთახში ცდილობდნენ შესვლას, სადაც შეხვედრა მიმდინარეობდა. მრევლსა და სასულიერო პირებს შორის მომხდარი შეხლა-შემოხლის დროს შენობის მეორე სართულზე იმყოფებოდნენ ჟურნალისტებიც. დაპირისპირების დროს აივანზე ხის კონსტრუქცია მოიშალა და ადამიანები რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდნენ.
დაზიანებები აღენიშნება "რუსთავი 2-ის" ოპერატორსაც. ის სხვა კოლეგებთან ერთან გადაყვანილია საავადმყოფოში.
ინციდენტის შემდეგ შეხვედრა ჩაიშალა. მეუფე სტეფანე მომხდარზე კომენტარს არ აკეთებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ეპარქიის რეზიდენციაში იმყოფება შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსიც.
მიტროპოლიტი სტეფანე კალაიჯიშვილი რამდენიმე საათის განმავლობაში დახურულ ფორმატში ხვდებოდა სასულიერო პირებს ადგილობრივი ეპარქიიდან. რეზიდენციასთან შეკრებილი იყო მრევლიც, რომელიც ახალი მმართველის გადაწყვეტილებას და ორი დიაკვნისთვის მსახურებაში მონაწილეობის აკრძალვას აპროტესტებდა.