ხვალ საქართველოში კორონავირუსზე პირველი მოქალაქე აიცრება. ერთ-ერთი პირველი, ვინც AstraZeneca-ს ვაქცინას გაიკეთებს, ლუგარის ლაბორატორიის 73 წლის ექიმია.
ქვეყნის მასშტაბით ვაქცინის გადანაწილება უკვე დაიწყო - AstraZeneca-ს 43 000 დოზა ლუგარის ლაბორატორიიდან 29 ცენტრში ნაწილდება. პირველ ეტაპზე თბილისში 10, ქუთაისსა და ბათუმში 4-4, რუსთავსა და ზუგდიდში 2-2, დანარჩენ რეგიონულ ცენტრებში კი თითო ცენტრი იქნება.
სამედიცინო სფეროს ყველა იმ წარმომადგენელს, რომლებიც პირველ ეტაპზე ვაქცინაციის პროცესში უნდა ჩაერთოს, მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაეგზავნათ.
ვაქცინა კი პირველ ეტაპზე 29 რეგიონულ ცენტრშია გადანაწილებული, თუმცა მუნიციპალიტეტები კიდევ დაემატება. პრეპარატს კვირის ბოლომდე დაახლოებით 82 სამედიცინო დაწესებულებაში მიიტანენ.
ამ დილისთვის რეგისტრაციის ელექტრონულ მოდულში სამედიცინო სფეროს დაახლოებით 1 500-მდე წარმომადგენელი არის უკვე დარეგისტრირებული. ეს ინფორმაცია "კურიერს" რამდენიმე წუთის წინ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა მიაწოდა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, კვირის ბოლომდე უკვე ცნობილი იქნება დეტალები იმასთან დაკავშირებით თუ რამდენს სურს ვაქცინაციის პროცესში ჩართვა. მას შემდეგ, რაც სრულად განხორციელდება მედიკოსების ვაქცინაცია, ამის შემდეგ უკვე მოდის ბენეფიციარები, მოხუცთა თავშესაფრებში მყოფი პირები. დაახლოებით 2 000-მდე პირზეა საუბარი, 75 წელს ზემოთ მყოფი პირები და ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები.
"55 000 ადამიანიდან სწორედ გუშინ დაეგზავნათ ყველას სმს-ები, რომ გაიხსნა გუშინ 12 საათიდან რიგების მართვის ფანჯარა და ეს ადამიანები უნდა დარეგისტრირდნენ, თუ ვის როდის უნდა აცრა, ანუ რომელ სამედიცინო დაწესებულებაში - ჩამონათვალი არის ამ პორტალზე, ასევე ჩვენს გვერდზეც დევს და როდის უნდათ ჩაეწერონ რიგში, რიგების მართვის ელექტრონული მოდელი არსებობს.
დღეს დილის 9 საათისთვის დაახლოებით 1 449 ადამიანი იყო დარეგისტრირებული და დაჯავშნეს მათი აცრის დღე და დრო. შემდგომი ჯგუფი სამედიცინო პერსონალის შემდეგ გახლავთ მოხუცთა სახლები, სადაც ხანდაზმულები და მათი მომვლელი პერსონალი უნდა აიცრან და ასეთი არის 2 000-მდე ადამიანი. შემდგომი არის უკვე ყველაზე დიდი ჯგუფი 75 წელს ზემოთ ქვეყნის მოსახლეობა.
აქედან გამომდინარე ჩვენ დავაკვირდებით როგორი იქნება აცრის ინტენსივობა პირველი 4-5 დღის განმავლობაში და მერე მიიღება გადაწყვეტილებები შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.