ქვეყნის მასშტაბით ვაქცინის გადანაწილება უკვე დაიწყო - ვაქცინაციისთვის ვიზიტი უკვე 1 449 მედპერსონალს აქვს დაჯავშნილი. ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი - ექიმი, ექთანი, სანიტარი, ლაბორანტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი, მენეჯერი, მძღოლი, რეგისტრატორი და ა.შ. ყველა ადმინისტრაციული მუშაკი.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ "კურიერს" განუცხადა, საქართველო Pfizer-ის ვაქცინის 14 500 ადამიანისთვის ასაცრელ დოზებს დაახლოებით 22 მარტის კვირაში მიიღებს.
რაც შეეხება AstraZeneca-ს ვაქცინას, თამარ გაბუნიას თქმით, აპრილის თვეში ქვეყანა ვაქცინის 86 000 დოზას გარანტირებულად მიიღებს.
"43 200 AstraZeneca-ს ვაქცინას დაემატება ასევე Pfizer-ის ვაქცინა, რომლის დოზებიც უნდა მივიღოთ 22 მარტის კვირაში, ანუ მარტის ბოლომდე. 14 500 ადამიანის ასაცრელად იქნება ეს დოზები საკმარისი ორჯერადი აცრისთვის.
რაც შეეხება AstraZeneca-ს, ამ შემთხვევაში ჩვენ აპრილის თვეში ველოდებით მეორე აცრისთვის საჭირო დოზებს. 86 000 დოზა უკვე გარანტირებულად აუცილებლად ჩამოვა.
ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს საკმარისზე მეტი რაოდენობა დოზების, რომ დავიწყოთ და სრულად მოვიცვათ სამედიცინო პერსონალი AstraZeneca-სი და Pfizer-ის ვაქცინით.
Pfizer-ის დოზები გაიყოფა, 29 000 დოზა და მოხდება მისი შენახვა იმისთვის, რომ 14 500 ადამიანი ასევე მეორე დოზითაც აიცრას Pfizer-ით.
ხვალიდან უკვე ვიწყებთ AstraZeneca-თი ვაქცინაციის პროცესს," – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.